ქვეყანაში "მესამე პოლიტიკური ცენტრის" შექმნას ამჯერად პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აანონსებს. თუმცა, მისი განმარტებით, არ შექმნის კლასიკურ პოლიტიკურ პარტიას, უბრალოდ ამ ცენტრის არქიტექტორად მოგვევლინება და მის ჩამოყალილებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.
"მე ვთქვი, რომ არის ვითარება, როდესაც ორი, ფაქტობრივად, ნდობადაკარგული პოლიტიკური ძალის თამაშის მძევალია მთელი ქართული საზოგადოება და მოთხოვნილება ძალიან მაღალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების. ეს სახელმწიფოებრივი და სასიცოცხლო ამოცანა ხდება. ასეთი ცენტრის ფორმირებაში სამომავლოდ, ალბათ მეც მომიწევს მონაწილეობის მიღება. ასეთი პოლიტიკური ცენტრი კი აუცილებლად უნდა შეიქმნას. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ აქვს.
ამ ორი ძალის მძევლობა უკვე სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათო ხდება. ეს არის განაცხადი - რა, როდის იქნება, რა ფორმით იქნება და ვინ იქნება, ვფიქრობ, ამაზე საუბარი ადრეა. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, უბრალოდ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას ხელს შევუწყობ, თუმცა რა ფორმით შევუწყობ, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ამას მომავალი აჩვენებს. მარტივად ვიტყვი, მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი. რაღაც პროცესები დაიწყება და მე ამ პროცესებს მივეხმარები, ვინაიდან ეს აუცილებელია", - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.