"მე ახალგორში ვცხოვრობ და მე რას მერჩით? იცით, რად მიჯდება ბრძოლა, აქ, ჩემს სახლში რომ ვიცხოვრო?" - ასე გამოეხმაურა აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ატოცში "გირჩის" აქციას. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები აქტივისტი ამბობს, რომ ასეთი სახის პერფორმანსი საკმაოდ დიდ საფრთხეში აგდებს გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ქართველებს.
"თავს ვიკავებ, არჩევნები რომ ჩაივლის მერე დავწერ, ვის რა დამოკიდებულება აქვს ეს წლები, დღეს საარჩევნოდ ჩვენზე დარდით რომ არ არიან დებატებში", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
10 ნოემბერს პარტია "გირჩის" წარმომადგენლებმა სოფელ ატოცში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მიმდინარეობისას, ზურაბ ჯაფარიძემ და რამდენიმე აქტივისტმა პროტესტის ნიშნად შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტს უკანალი დაანახეს.