აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დიდი დავაა სოხუმის დე ფაქტო საქალაქო კრებასა და დე ფაქტო ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. სოხუმის საქალაქო კრებას სურს, რომ დე ფაქტო ქალაქის მერს ნიშნავდეს არა ე.წ. პრეზიდენტი, არამედ არჩევნებით ირჩევდეს ადგილობრივი მოსახლეობა.
ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო საქალაქო კრების დეპუტატებმა რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელზეც სოხუმის მოსახლეობამ ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხოს - სოხუმის „მერი" ე.წ. არჩევნების გზით უნდა ირჩეოდეს, თუ ზემოდან ინიშნებოდეს.
ეს რეფერენდუმი 2019 წლის 10 მარტსაა დანიშნული და დე ფაქტო სახალხო კრების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გარკვეული ვნებათაღელვა სოხუმში.
რეფერენდუმის ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. ცენტრალური ხელისუფლება. დე ფაქტო სოხუმის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ალხას აგუმავამ 9 ნოემბერს „საქალაქო კრებას" პროტესტით მიმართა და განაცხადა, რომ დეპუტატების მიერ მიღებული რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება უკანონოა.
ცნობისათვის, სეპარატისტთა კანონმდებლობით, სოხუმის „მერის" დანიშვნისა და მოხსნის უფლება მხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტს აქვს, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება ფორმალურად „საქალაქო კრებას" უნდა შეუთანხმოს.
დე ფაქტო პროკურორის გარდა, რეფერენდუმის იდეა სეპარატისტული ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებისთვისაც მიუღებელია. „საქალაქო კრების" დეპუტატებს ოფიციალური წერილებით მიმართეს სოხუმის ადმინისტრაციისა და ქალაქის საარჩევნო კომისიის დე ფაქტო უფროსებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეფერენდუმის ჩატარებას და ურჩევენ დეპუტატებს, რომ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას.
თუმცა, „საქალაქო კრება" თავის მხრივ უკანდახევას არ აპირებს - დე ფაქტო დეპუტატებს დაგეგმილი აქვთ პარლამენტს მიმართონ და ე.წ. საარჩევნო კოდექსში სოხუმის მერის არჩევითობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების შეტანა მოითხოვონ.