"ნაცმოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია"

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

„მგონი სიახლე არაფერია, ყველამ ხომ ვიცოდით რა იყო, როგორ მოხდა და რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი იმას, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მათი პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს, ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს ტერიტორიები. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ბიჭები. ესაა „ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე", - განაცხადა კალაძემ.

გუშინ გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.