იმ ადამიანებმა, ვინც არჩევნებზე ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცეს, ხმა მისცეს საკუთარი შვილების ციხეში წამებას, საკუთარი ძმების, დედების და მამების დასახიჩრებას რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას" წევრმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციების ჩატარების საჭიროება არჩევნების პირველ ტურში მიღებულმა შედეგებმა აჩვენა.
"არჩევნების შედეგი ხომ ნახეთ? 1%-ია განსხვავება ამ ორ კანდიდატს შორის. ამიტომაც დადგა აქციების ჩატარების საჭიროება. ერთი-ერთი კანდიდატი არის სიბნელე, საბჭოთა კავშირი, ძველი უშიშროების კომიტეტში გამოზრდილი კაცი, რომელიც აქ დესტაბილიზაციისთვის არის გამოგზავნილი. მისი ყველა განცხადება ამას ადასტურებს. ეს ვითომ ევროპელები და ვითომ აზიელები ერთი ბნელი ძალის ორი მხარეა. ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც რევანშისთვის იბრძვის და უნდა, რომ ხელში ჩაიგდოს მართვის სადავეები. უნდა, რომ იგივე ყოფაში დააბრუნოს ქვეყანა, რა ყოფაშიც იყო 2007 წლის 7 ნოემბერს. ეს არ მოხდება. როგორც ჩანს, სტოკჰოლმის სინდრომით დაავადდა საზოგადოება, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს ებრძვის იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცეს, მათ ხმა მისცეს საკუთარი შვილების ციხეში წამებას, საკუთარი ძმების, დედების და მამების დასახიჩრებას რუსთაველის გამზირზე," - განაცხადა გოგა ხანიდრავამ "ინტერპრესნიუსთან".
„ქართული ოცნების" მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას" ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება, არჩევნების წინა დღეს კი თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა.