"ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები" - კალაძე

თბილისის მერის კალა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ 7 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს და მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კალაძის თქმით, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეუძლია, თბილისში სხვა ადგილი მოძებნონ და აქცია იქ განაგრძონ.

"დედაქალაქის მერიას დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. პარლამენტის წინ - ეს არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია და არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა.

"ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის და მათ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქის სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს ერთმანეთისთვის. მათ მიეცემათ ამის უფლება, არანაირი პრობლემა არ არის," - განაცხადა კახა კალაძემ.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი კი აცხადებენ, რომ ადგილის შეცვლას არ აპირებენ.