კასპის ყოფილმა გამგებელმა ოლეგ იაძემ ბიძინა ივანიშვილზე, ასევე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ დატოვა დაკავებული თანამდებობა და აღნიშნა, რომ მის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან არასწორი ინფორმაცია ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას მიჰქონდათ.
„ბატონმა ბიძინამ მოგვაშორა სატანა. საპატრიარქოც კი ვერაფერს უშვრებოდა მიხეილ სააკაშვილს. 200 ათასიანი მიტინგები დაუშლია მას და ვერაფერს უშვრებოდნენ. ბიძინა ივანიშვილი ამის შემდეგ ერთი წელი იყო ხელისუფლებაში, მერე ადგა და კაცურად წავიდა. ის აღარ ერეოდა პოლიტიკაში.
მე თავი მქონდა გადადებული და ქუჩაში ვებრძოდით ამ ხალხს. მე „გამაფუჭა“ ნაძირალა უსუფაშვილმა, 10-სანტიმეტრიანი მკლავები რომ აქვს. მაგას ჰყავდა კასპში პარტიის ბინძური ხელმძღვანელი და მას სურდა, რომ კასპში ის გამეხადა საკრებულოს თავმჯდომარე. ეს ვერ ვაკადრე კასპს. ამის გამო მოხდა დაპირისპირება. „რესპუბლიკელებმა“ იძალადეს მაშინ. მე შემებრძოლა ალასანიაც და მასაც სურდა იქ თავისი პირის დანიშვნა. ჩემზე არასწორი ინფორმაცია მიჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან. ჩემზე უთქვამთ უწიგნურიაო, არადა ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული.
როდესაც მომხსნეს, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს და მან უკვე ყველაფერი იცოდა. მან მითხრა, რომ არასწორი ინფორმაციები მოდიოდა ჩემთანო. ასეთი არასწორი ინფორმაცია დღესაც მიდის ივანიშვილთან“, - განაცხადა ოლეგ იაძემ.