ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი იხსენებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერის შემდგომ, ბიძინა ივანიშვილმა და კახა კალაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუჭირეს მხარი.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში სტატუს წერს.
“ბუნებრივია, მეც მახსოვს 7 ნოემბერი და ამიტომ ნაცების დაბრუნება ხელისუფლებში ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ სწორედ 7 ნოემბრის მერე 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში კახა კალაძემ (საჯაროდ) და ივანიშვილმაც (არასაჯაროდ ეს თავად მოყვა ინტერვიუში) მხარი სააკაშვილს დაუჭირეს. დღეს ეს ორი ადამიანიც აპროტესტებს 7 ნოემბერს, ნეტავ?”, – წერს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მმართველმა ძალამ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთაველის გამზირზე და მოგვიანებით რიყის ტერიტორიაზე მომიტინგეები სასტიკად დაარბია. სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამავე დღეს შეიჭრნენ ტელეკომპანია ,,იმედში“ და დაარბიეს, რომლის შემდგომაც არხმა გარკვეული პერიოდით შეწყვიტა მაუწყებლობა. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.