დასუსტებული, მარცხისთვის განწირული ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ითხოვს ივანიშვილის 2012 წლის დროინდელი სიძლიერის მქონე დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელებს“ ეს არ გვეხება, ეგღა გვაკლია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის გამოცხადებულმა მხარდაჭერამაც შეაშინა.
„ბიძინა ივანიშვილმა მისი დღევანდელი საჯარო მიმართვით დაადასტურა, რომ საკმარისი არ არის მისი დღევანდელი სახელისუფლებო შემადგენლობა და მოითხოვა, ითხოვა, იხვეწებოდა სახელისუფლებო პოლუსის ჩამოყალიბებას. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ორპოლუსიანობის არსებობა დაანონსა ქვეყანაში. დაადასტურა, რომ მისი პოლუსი სუსტია და მოითხოვს გაძლიერებას. დასუსტებული, მარცხისთვის განწირული ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ითხოვს ივანიშვილის 2012 წლის დროინდელი სიძლიერის მქონე დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელებს“ ეს არ გვეხება, ეგღა გვაკლია. სრულიად მკაფიოდ გამოჩნდა ისიც, რომ „რესპუბლიკელები“ რადგან ამ ვითარებაში ღიად დაუკავშირდნენ მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, როგორც გვჩვევია ხოლმე არ მოვერიდეთ არც გულწრფელ კრიტიკას, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვაჩვენეთ, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების უკიდეგანო უსაქციელობამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობა გაუჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვან პოლიტიკურ ოპონენტს - „რესპუბლიკურ პარტიას“. ამას შემდეგ მოჰყვა ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ვაშაძის მიერ და უკვე წარმოუდგენელი აღარაფერია. „რესპუბლიკურ პარტიასთან“ თანამშრომლობა არის სინერგია, „ევროპულ საქართველოსთან“ - ხმების დაბრუნება, ხოლო ოქრუაშილი მისი გავლენის მქონე ხმებითაც დაეხმარება ვაშაძეს. ამან შეაშინა ივანიშვილი“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში საუბრობს.
ივანიშვილი პირობას იძლევა, რომ „ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“.