არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" საკადრო წმენდა იწყება.
საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი ადასტურებს, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ კონსულტაციები დაწყებულია და ეს გუნდის ახალი ენერგიით განახლებას გულისხმობს.
„საკადრო წმენდა არასწორი ტერმინია, განახლება, გადახალისება, ახალი ენერგიის შეძენა კი ბატონო. პროცესი დაწყებულია და იქნება აუცილებლად. ყველა გუნდს სჭირდება განახლება და ახალი ენერგია, ამ ახალ ენერგიას მე დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე შევიძენთ. ვნახოთ, ჯერ მიმდინარე საქმეებს ვაკეთებთ.
რა თქმა უნდა, იქნება სტრუქტურული ცვლილებებიც და საკადრო ცვლილებებიც“-ამბობს ბექა დავითულიანი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ჯაში კი ამბობს, რომ ის არ არის ჩართული საკადრო ცვლილებების შესახებ მიმდინარე კონსულტაციებში.
ჯაში ამბობს, ის მიესალმება გუნდის გაძლიერებას. მისი თქმით, თუკი ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ განცხადებას პარტიის დამფუძნებელი გააკეთებს.
გედევან ფოფხაძის თქმით არანაირი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ არ არის, წამსვლელი უნდა წავიდეს და დამრჩენი უნდა დარჩეს. მისი განცხადებით, წავლენ ისინი, ვინც ამ გაერთიანებაში ღირებულებით თანხვედრას ვერ ნახავს:
"წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს. შეიძლება მე წავიდე, შეიძლება სხვა წავიდეს, არ ვიცი ვინ წავა, წავა ის ვინც აქ ვეღარ ნახავს ნავსაყუდელს, თავისი ღირებულებით თანხვედრას ამ გაერთიანებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რისთვის ვართ ერთად - ვართ თუ არა ერთად იმიტომ, რომ ვართ მართლმადიდებლები და სეკულარულ სახელმწიფოშიც ვრჩებით მართლმადიდებლად."-განაცხადა ფოფხაძემ.