"ბავშვი ეზოში ჩავუშვი და გაქრა" - როგორ გაიტაცეს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი

გორში, 2004 წლის 1-ლ ნოემბერს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი დედამ ეზოში­ ჩაუშვა და იმ დღის შემდეგ ბავშვი აღარავის უნახავს. ეს შემზარავი ისტორია მაშინ გაცოცხლდა, როცა ისევ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი მოკლეს. გაუჩინარებული ბავშვის ოჯახი დღემდე ნებიერიძეს ადანაშაულებს, თუმცა მას ეს დანაშაული არ უღიარებია და საქმეში მისი მონაწილეობა არც მტკიცებულებებით დადასტურებულა.

"ზაქრო 2004 წლის 1-ლ ნოემბერს გაიტაცეს… გვყავდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიყვანა ბავშვი ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა. მისი აღწერილობა იაგო ნებიერიძის გარეგნობას დაემთხვა. სად არ ვეძებეთ, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.

ორი წერილი მივიღეთ. პირველში,­ რომელიც კართან დაგვიგდეს, ეწერა, რომ თუ 20000 დოლარის გადახდაზე­ თანა­ხმა ვიყავით, თეთრი ზეწრები გამომეფინა­. მეორე წერილი მაწანწალა ბავშვმა მოგვიტანა და გვითხრა, უცხო კაცმა გამომატ­ანაო. მასში ეწერა, რომ ბავშვს თავი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა და დედას კითხ­ულობდა. მოითხოვდნენ, ერთ საათში აივნიდან სიგარეტის კოლოფით თანხა გადაგვეგდო, თორემ ბავშვი დაიღუპებოდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ წერილებს იაგო ნებიერიძე გვწერდა, მაგრამ მან მხოლოდ წერილების წერა აღიარა, ამიტომ წაუყენეს ბრალი გამოძალვაზე.

მაშინ ნებიერიძე 20 წლის იყო. ეგ და მამამისი ავტოფარეხს გვიშენ­ებდნენ. ზაქრო ერთი თვის რომ გახდა, ჰიდროცეფალია დაუდგინდა და მას მერე ვმკურნალობდით – თავზე შვიდი ოპერაცია გაუკეთეს. ნებიერიძემ იცოდა, ბავშვისთვის არაფერს დავზოგავდით და უკან არ დავიხევდით.

ზაქრო სულ მამა-შვილი ნებიერიძეების გვერდით იყო. სადილის დროს ჩავიდოდა და მუშებს­ სახლში ამოიყვანდა ხოლმე. იმ დღეს ეზოში მარტო ჩავუშვი და… გაქრა. როცა ბავშვს ვეძებდით, მამა-შვილი­ თანაგრძნობის გამოსახატად ყოველდღე მოდიოდა, არადა, ჩანს, ინფორმაციას აგროვებდნენ… მერე ეს უბედურება დაგვატყდა თავს…" - განუცხადა "კვირის პალიტრას" ბავშვის დედამ ხათუნა რაზმაძემ.