3 ნოემბერს „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა. „რეზონანსთან" საუბრისას, უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ ვაშაძის ამ ვიზიტის მიზანი მისთვის სრულიად გაუგებარია.
„ჩემთვის გაუგებარია ის, რომ გრიგოლ ვაშაძე მიდის პატრიარქთან. არ ვიცი, ინანიებს იმ ცოდვებს, რაც მანამდე ჰქონდა გაკეთებული მაგათ „ნაციონალურ მოძრაობას", თუ რა უნდა ეთქვა პატრიარქისთვის, მე ეგ მაინტერესებს.
„ფაქტობრივად, ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ ეს ადამიანები იქცევიან ისე, თითქოსდა არაფერი მომხდარა ამ 9 წლის განმავლობაში. დღეს გამოდიან და მიამიტური ქცევით უნდათ, რომ საზოგადოებას დააჯერონ მათი ჰუმანურობა. არავითარი ჰუმანურობა, ისინი ისეთივეებად დარჩებიან, როგორებიც იყვნენ, მათ შორის გრიგოლ ვაშაძეც", - აღნიშნა ხაბარელმა.
მან „რეზონანსთან" ასევე მარიხუანას შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება კანაფის კულტივაციის კანონპროექტის უკან გაწვევას და მათს ამ საკითხზე საუბარს, ხელისუფლების გადაწყვეტილება ყველასთვის ცნობილია. ამასთან დაკავშირებით გუნდშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა და გადაწყვეტილება მიიღეს ისე, როგორც საზოგადოების დაკვეთა იყო.
„პირადად მე, მარიხუანას კანონპროექტის შემოტანის პირველივე დღიდან წინააღმდეგი ვიყავი და ჩემთან ერთად სხვებიც. სწორედ ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, როდესაც შიგნით, გუნდშია აზრთა სხვადასხვაობა და იმარჯვებს საღი აზრი.
„მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტის გაწვევა იყო ნორმალური გადაწყვეტილება. ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება და არანაირი ვაშაძის მისვლასთან არ იყო დაკავშირებული. არ ვიცი მათ როგორ უყვართ საქართველო და ჩვენი მომავალი თაობა, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ არჩევნების დემოკრატიულობა და ხარისხი. ჩატარდა 5-ჯერ და დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ ასეთი დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა და ყოველ ჯერზე არჩევნები უფრო და უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალეა", - დასძინა დეპუტატმა.