ვერის ბაღში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქცია #არა მიშა, #არა გრიგოლს მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან გოგა ხაინდრავა, თიკა ჯამბურია, მზია პატარკაციშვილი, ნორა კვიციანი, ხათუნა ჟორდანია და სხვა ცნობადი სახეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ აქციაზე მათი ყოფნის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ქვეყანაში არ დაბრუნდეს "ნაცონალური მოძრაობის" სისხლისმღვრელი ბნელი რეჟიმი და საქართველომ არ იცხოვროს ისევ სადისტურ რეჟიმში.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შაკო კუჭაშვილის განცხადებით, აქცია იმართება იმიტომ რომ საქართველოში არ დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომელშიც 9 წელი იცხოვრა ქართველმა ერმა.
"ეს აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთხელ ვიხილოთ სანდრო გირგვლიანები, ბუტა რობაქიძეები. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან არა ვუთხრათ მიხეილ სააკაშილს და მის სადიზმს, სააკაშვილის დროს არ არსებობდა დემოკრატია და თავისუფლება და ჩვენ ვეუბნებით უარს მიშას, ვეუბნებით უარს გრიგოლ ვაშაძეს და იმ რეჟიმს, რომელშიც იცხოვრა 9 წელი ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა კუჭაშვილმა.
მისივე თქმით, აქცია შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე კიდევ გაიმართოს, ასევე შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ეს აქცია გახდეს ზოგადად ხელისუფლების გამოსაფხიზლებელი აქცია, რომელიც ხშირად გაიმართება.
"ეს არის გზავნილი ხელისუფლებისთვის, რადგან უფრო გააქტიურდეს მეორე ტურისთვის და ჩვენ ალბათ, მეორე ტურამდე კიდევ გავმართავთ აქციას და არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებთ ამ აქციებს, რადგან ხელისუფლება გამოფხიზლდეს და უფრო გააქტიურდეს. ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ დაგვიმახსოვრებს ნიკა გვარამია ან ვინმე სხვა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და შემდეგ დაგვაბულინგებს, ჩვენ ამ აქციის აქტივისტებს ამის არ გვეშინია და ზუსტად ამიტომ ვდგავართ მე და ჩემი მეგობრები დღეს აქ და ვმართავთ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციას, ჩვენი დაბულინგება უნდა შეწყდეს და ჩვენს მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები", - განაცხადა კუჭაშვილმა.
მისივე თქმით, ის და მისი მეგობრები არ დაუშვებენ რომ მეორე ტურში გრიგორ ვაშაძემ გაიმარჯვოს, რომელიც მომავალში აპირებს შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ახალაიები. „ჩვენ არ დავუშვებთ ვაშაძის გამარჯვებას. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ არ დაბრუნდეს 9-წლიანი სადისტური და ბნელი რეჟიმი“, -აღნიშნა შაკო კუჭაშვილმა.