რიტუალური მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რამ იმსხვერპლა 21 წლის გოგო

რიტუალური მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რამ იმსხვერპლა 21 წლის გოგო

ნინო ოქიტაშვილი ერთ წელზე მეტია, ეძებს პასუხს, რამ იმსხვერპლა მისი 21 წლის შვილი. 2017 წლის 18 თებერვალს ანა იოსებიძის დედას სიძემ დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი ცუდად გახდა. სახლში მისული მშობელი შვილის სანახავად არ შეუშვეს. მალევე, სხვა ოთახში გასულ დედას უთხრეს, რომ ანა იოსებიძემ თავი მოიკლა და მე-11 სართულიდან გადახტა.

გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ ანა იოსებიძე ჯერ წამებით მოკლეს, შემდეგ ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩაიტანეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.

დაზარალებულების თქმით, ახალგაზრდა გოგონა, სავარაუდოდ, რელიგიურ რიტუალს შესწირეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა გოგოს ათობით მძიმე დაზიანება სიცოცხლეშივე ჰქონდა მიყენებული.

ვერსიის, რომ ანა იოსებიძემ თავი მოიკლა, თითქმის არავის სჯერა. მეზობლებს უკვე ერთ წელზე მეტია, აინტერესებთ, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდას ცხედარი მაღალსართულიანი კორპუსიდან გადახტომის შემდეგ იმ ადგილზე, სადაც იოსებიძე მკვდარი იპოვეს.

ანა იოსებიძის ოჯახი არ არის ერთადერთი, რომელიც კახნიაძეებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ისტორია მეორდება მათი პირველი რძლის შემთხვევაშიც, რომელიც ასევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ორივე ოჯახის ბრალდებებზე მკვლელობაში დადანაშაულებულ კახნიაძეებს საუბარი არ სურთ. მათი მტკიცებით, არცერთ შემთხვევასთან მათი დანაშაული არ იკვეთება და სიმართლე გამოძიებამ უკვე თქვა.