ბერძენიშვილი ნაცმოძრაობაზე:

ბერძენიშვილი ნაცმოძრაობაზე: "მე ხან ისე ვთქვი და ხან ასე, მომავალში აღარ დამირეკოთ..."

ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ წლების წინ, ჯაშუშობაში დასდო ბრალი, ამჟამად, საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სწორედ იმ კანდიდატს უჭერს, რომელიც იმ ხელისუფლების პირობებში, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მას ურჩევნია, პრეზიდენტის სკამზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, გრიგოლ ვაშაძე იხილოს.

ბერძენიშვილი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს იწუნებს, თუმცა, როგორც ყოფილი დეპუტატი, იმ პასუხისმგებლობასაც გაურბის, რაც ქვეყანაში მმართველმა გუნდმა შექმნა.

“ვაღიარებ, რომ ჩემს განცხადებებში არის წინააღმდეგობები, ვამბობ, რომ შარშანწინ ისე იყო და ახლა ასეა”, – ამის შესახებ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატის იმუნიტეტი წინა მოწვევის პარლამენტში კოალიცია “ქართული ოცნების” სიით მოიპოვა. ამჟამად იგი ძმასთან, დავით ბერძენიშვილთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

ლევან ბერძენიშვილმა “კვირა” კატეგორიულად გააფრთხილა, რომ მასთან აღარასოდეს დაერეკა.

“ზოგადად, გიპასუხებთ, მომავალში აღარ დამირეკოთ, ეს ერთი. მეორე – დიახ, არის წინააღმდეგობები ჩემს განცხადებებში, მე ხან ისე ვთქვი და ხან ასე. ახლა გეუბნებით, რომ მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძეს, ადრე ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ვუჭერდი მხარს. იმაზე ადრე გეუბნებოდით, რომ მასთან ერთად დავაფუძნე “ნაციონალური მოძრაობა”, კიდევ იმაზე ადრე, მეგობრები და ახლობლები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი იცვლება. ახლა, ამ წუთას, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას, მირჩევნია გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება. ვაღიარებ, რომ ჩემს განცხადებებში არის წინააღმდეგობები. ვამბობ, რომ შარშანწინ ისე იყო და ახლა ასეა. მეორედ აღარ დამირეკოთ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა “კვირასთან” საუბრისას და ტელეფონი გათიშა.