"გირჩის” ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითრების მუხრუჭი საპატრიარქოა და თუკი ვინმეს 2 აბი ექსტაზისთვის დაიჭერენ, სწორედ საპატრიარქოს ბრალი იქნება.
"დღეს უკვე ცხადია, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ამ ქვეყანაში უვადოდ გადაიდო. ყველა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ნარკოტიკების ლიბერალიზაციას, ან უვადოდ არის შეჩერებული, ან პარლამენტიდან გაიწვიეს. სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბუკია, ზვიად ძიძიგური „ქართული მარში“, მიხეილ სააკაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით ბაქრაძე, ირმა ინაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ადა მარშანია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, შალვა ნათელაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, კახა კუკავა - ყველა ეს ადამიანი ერთ მხარეს აღმოჩნდა. მეორე მხარეს მხოლოდ „გირჩი“ დარჩა. რატომ აღმოჩნდნენ ყველა ერთ მხარეს? - იმიტომ რომ მათ მხარეს არის საქართველოს საპატრიარქო. ესენი საპატრიარქოს ან პირდაპირ ემორჩილებიან, ან საპატრიარქოს რეიტინგის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის ცდილობენ. კარგად დაიმახსოვრეთ, ხვალ თუ 2 აბი ექსტაზის გამო დაგიჭერენ, გაგიშვებენ ციხეში, ამაში ეს ხალხი და საპატრიარქოა პასუხისმგებელი. საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში განვითარების მუხრუჭი, ხოლო ჩემი ჩამოთვლილი ადამიანები - მისი საცეცეები. საპატრიარქოა დამნაშავე, რომ სიღარიბეში გვხდება სული,“ - აცხადებს ვიდეო მიმართვაში ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს.