"პატრიოტთა ალიანსი" 25 ნოემბერს ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებისთვის ემზადება. მათ "დინამო არენაზე" აღნიშნული აქციის ჩატარებაზე "არენას" მფლობელმა" რომან ფიფიამ უარი უთხრა.
თარხან-მოურავი-ინაშვილის გუნდი ფიფიას უარის შემდეგ, 25 ნოემბრის აქციის ჩატარებისთვის ადგილს ეძებს.
როგორც „2020NEWS“-ს „დინამოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა, უარის თქმის მიზეზი ისაა, რომ „დინამოს“ მფლობელი ყველანაირ პოლიტიკურ აქციას ემიჯნება. „ბატონი რომან ფიფია ყველანაირ პოლიტიკურ აქციას ემიჯნება. ბოლო ხუთი წელია „დინამო არენაზე“, პოლიტიკური თავშეყრის უფლება არავისთვის მიგვიცია. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რატომ უთხრა ბატონმა რომანმა „პატრიოტთა ალიანსს" უარი, ორშაბათს მეცოდინება“, - განუცხადა „2020NEWS“-ს „დინამოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ირმა ცქიტიშვილმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის გოჩა თევდორაძის განცხადებით კი, მათთვის გაუგებარია, ვინ ათქმევინა რომან ფიფიას უარი. მისივე განცხადებით, პარტიაში აქციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით ახლაც მიდის მსჯელობა. „რატომ არ მოგვცეს „დინამოს“ სტადიონზე აქციის გამართვის უფლება, ამის მიზეზი ჩემთვის უცნობია. თუმცა გასარკვევია, რომან ფიფიას ეს გადაწყვეტილება ვინმემ მიაღებინა, თუ თავად გადაწყვიტა. ახლა ვმსჯელობთ ეს შეკრება სად ჩავატაროთ - რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე თუ სხვა ადგილი შევარჩიოთ. როგორც კი აქციის ადგილს დავგეგმავთ, საზოგადოებას ვამცნობთ“, - განუცხადა „2020NEWS“ -ს გოჩა თევდორაძემ.
მისივე თქმით, აქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იმართება. „აქციის მიზანია - "არა მიშას!" „პატრიოტთა ალიანსისთვის“ მიუღებელია სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება და მისი სარეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა. ამასთან დაკავშირებით არის ეს შეკრება. გვინდა, რომ ქართულ საზოგადოებას და თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ დავანახოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. სხვათაშორის, არამარტო „ნაცმოძრაობას“, არამედ ხელისუფლებასაც უნდა დავანახოთ ჩვენი სიმრავლე“, - უთხრა სააგენტოს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა.
გოჩა თევდორაძე „2020NEWS“-თან ასევე ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. „პატრიოტთა ალიანსს“ ბუნებრივად გამოგვდის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ჩვენთვის პირდაპირ მიუღებელია სააკაშვილის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მას მხარს არ ვუჭერთ. გვინდა თუ არ გვინდა, გამოგვდის, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერები ვართ. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერას. ჩვენ მხარს ქვეყნის მომავალს და სახელმწიფოს ძლიერებას ვუჭერთ“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ. ც
ნობისათვის, 25 ნოემბერს „საქართველოს პტრიოტთა ალიანსი“ „დინამო არენაზე“ ფართომასშტაბიან აქციის ჩატარებას გეგმავდა. აქცია ჩატარდება, თუმცა სად, ამ დრომდე უცნობია.