ქვეყნის შუაგულში, ადამიანს ეუბნებიან - დასველდი, გაცივდი, მოკვდი, რაც გინდა მოგივიდეს, მე ვარ უტიფარი ხელისუფლება, -ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პრესკონფერენციაზე პარლამენტის შენობის წინ გუშინ მომხდარ ინცინდენტს, რომელიც ზაზა სარალიძეს და მის მხარდამჭერებს უკავშირდება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიმართა"ქართულ ოცნებას", მთავრობის წევრებს გაითვალისწინონ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა და დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები დასაჯონ.
"გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლების მართლაც ზღვარგადასული, მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებლივად გაუმართლებელი ქცევა, როდესაც კოკისპირულ წვიმაში, საღამოს ისინი მივიდნენ შვილმკვდარ მამებთან, ზაზა სარალიძესთან და დაუხიეს გადაკრული პარკები. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკება, რომ თურმე ყველასთან ჩახუტებას აპირებენ, ისინი აგრძელებენ მართლაც ზღვარგადასულ საქციელს სახელმწიფო სისტემის მსხვერპლის მიმართ. მათ გააჩნიათ სამართლებლივი პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ ეს ადამიანები რუსთაველზე საერთოდ აღარ იდგნენ, მათი სამართლიანი მოთხოვნები იყოს ბოლომდე შესრულებული და მკვლელი დასჯილი.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება ჩვენი ქვეყნის შუაგულში, ადამიანს ეუბნებიან - დასველდი, გაცივდი, მოკვდი, რაც გინდა მოგივიდეს, მე ვარ უტიფარი ხელისუფლება და აი ამ ფონზე საერთოდ რაზე არის ლაპარაკი. მათ ვერ გაიგეს, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა, თავგასულობა და ადამიანის უფლებების შელახვა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.