"ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელი აღარ მუშაობს”

მარიხუანის კანონპროექტის გაწვევა და ვიღაცის დაკავება ვერ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც მათ სჭირდებათ, - ამის შესახებ განცხადებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აკეთებს.

მისი თქმით, "ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელი აღარ მუშაობს"

"ოცნებამ" ყველა დიდი ქალაქი წააგო. ეს პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაშია, სერიოზული სიგნალია. ამიტომ მარიხუანის კანონპროექტის გაწვევა და ვიღაცის დაკავება ვერ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც მათ სჭირდებათ - ეს მხოლოდ დამატებითი ფაქტორები უნდა იყოს. "ოცნებამ" არჩევნებში უნდა შემოიტანოს საპარლამენტო არჩევნების თემები, რომელთაც მთავრობა გაატარებს და ეს დღეს ივანიშვილმა უნდა გაახმოვანოს - მაგრამ შეუძლიათ კი?! დღეს სალაპარაკოა არა იმაზე, თუ რა იქნება ერთი თვის შემდეგ, არამედ იმაზე, იმის შემდეგ რა იქნება და საერთოდ როგორ წარმოუდგენიათ მომავალი.

ასევე, ძალიან გახსნილად და გულწრფელად უნდა ილაპარაკონ იმ შეცდომებზე, რომლებიც იყო და რომელთაც ადამიანები - ამ ქვეყნის მოქალაქეები თავად უყურებდნენ. თუ ისინი ისევ იგივეს აპირებენ - რომ სააკაშვილი მოვა, ეს ყველაფერი შავი პიარის ბრალია და ა.შ. მაშინ ჩათვალეთ, რომ მოხდება ის, რაც უკვე მოხდა. "9 წელი" კარგა ხანია აღარ მუშაობს, ეს უნდა გაიგოს "ქართულმა ოცნებამ" და თუ ვერ გაიგებს, მაშინ მოხდება ის, რაც მოხდა", - ამბობს ძაბირაძე "ახალ თაობასთან".