გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საუბარი შეეხებოდა კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოს ძალისხმებით, მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვია.
ვაშაძის თქმით, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია განდევნის მსხვერპლი არ უნდა იყოს:
"უწმინდესმა მიგვიღო, ძალიან დიდი მადლობა. მისი ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ - ერმა და ბერმა მოიპოვა. საქმე ეხება იმ "ბოდვით კანონპროექტს", რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰქონდა და, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ჩვენს ხელისუფლებას კი ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ეს ბრძოლა აუცილებლად გასაგრძელებელია, იმიტომ რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, 500%-იან მოგებაზე უარს ტყვის.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ და ცივილიზებულ გარემოში უნდა ჩატარდეს, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს. არც ისეთ ამაზრზენ ფაქტებს, რაც კასპში მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა.
სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ასეთივე ინცინდენტი მოხდა ვაზისუბანში. ამ საკითხზე შეგიძლიათ კამპანიის ხელმძღვანელს ესაუბროთ.
უწმინდესს ძალიან აინტერესებდა რა გეგმები გვაქვს, იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმების შესახებ. უწმინდესის კატეგორიული თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ ოპოზიცია არასდროს არ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, არასდროს არ უნდა იყოს დატერორების და დევნის საგანი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, როგორც ეს ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირე ქვეყანაში ხდება. ოპოზიცია აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.