"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის წინ გადადგმული ნაბიჯია.
ხვიჩიას თქმით, საპატრიარქოსთან ქულების დაწერით, მმართველი გუნდი საბოლოო გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.
„კანონპროექტი პარლამენტში არც იყო შესატანი. შესაბამისად, მისი გამოტანაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგადად, საინტერესოა, საბოლოო ჯამში როგორი ნარკოპოლიტიკა გვექნება. ამ წუთას, ორივე პოლიტიკური ძალა და შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან საპატრიარქოს გული მოიგონ და ერთმანეთზე უარეს სიგიჟეებში ეჯიბრებიან ერთმანეთს. საკითხავია, ვინ უფრო მეტად მოულბობს გულს და ვინ უფრო მეტად ივაჭრებს ადამიანების თავისუფლების შეზღუდვით საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.
"ამიტომ, ეს პროცესი ჩემთვის სრულიად უინტერესოა. ასეთ საქციელს კარგი შედეგი არასდროს მოჰყოლია. მე პირადად, არც ერთი მათგანის გულშემატკივარი არ ვარ, არც საპატრიარქოსი და არც ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, არ მაინტერესებს ეს პროცესები. გაერთონ ამ თამაშებით. ორივე მათგანი მოიმკის შედეგს", - ამბობს ხვიჩია "2020 NEWS" სთან
ხვიჩიას თქმით, ხელისუფლების ამ ნაბიჯმა შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დამატებით მოუტანოს ხმები საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას" ვერ გადაარჩენს.
"შეიძლება, მმართველი გუნდის ამ ნაბიჯმა გაამართლოს და ზურაბიშვილი გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ჭკუა მოეკითხება, ხვდება, რომ სალომეს პრეზიდენტობა ვერ გადაარჩენს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კოლაფსისგან", - დასძენს ხვიჩია.