გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის დედა, მცირეწლოვანი გოგონას ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს და ბოდიშს უხდის. ნუნუ გრიგალაშვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა სხვა ადამიანის ჩადენილი იყოს.
„ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. ამ ბავშვს არც იცნობდა, არც შეხება ჰქონდა. მეც გაურკვევლობაში ვარ. შესაძლებელია, სულ სხვა იყოს დამნაშავე. სავარაუდოდ, ჩემს შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. თუ მართლა მაგან გააკეთა, იმ მშობლების წინაშე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა და თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია მიიღო”, – განაცხადა ნუნუ გრიგალაშვილმა.
ბრალდებულის დედა არ უარყოფს ფაქტს რომ მის შვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩიპი ჰქონდა, სადაც სიმღერები და ფოტოები ინახებოდა, თუმცა არ იცის კონკრეტულად ვისი ფოტოები ინახებოდა ჩიპზე.
„როდესაც ჩემი შვილი ციხიდან გამოვიდა, ჰქონდა ჩიპი, რომელსაც პატიმრები ერთმანეთს ათხოვებდნენ ხოლმე, სიმღერებს და რაღაცებს იწერდნენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ეს ჩიპი სხვისგან ვიყიდეო, ქალების და ბავშვების ფოტოები იყო და აღარ წავშალეო. ვისი ოჯახი იყო, ნამდვილად არ ვიცი.
წარსულში ნასამართლევი იყო თაღლითობის მცდელობით და მეორედ იყო ტელეფონის წართმევაზე. არასრულწლოვნის გატაცებაზე არ ყოფილა ნასამართლევი. უბრალოდ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბავშვი დაიკარგაო. ჩემს შვილს არაფერი არ დაუმტკიცდა გარდა თაღლითობისა. 181-ე მუხლით გაასამართლეს, საერთო ჯამში 12 წელი იჯდა.
მეორედ ყაჩაღობის მუხლი მიუსაჯეს. შეწყალებით არ გამოსულა უბრალოდ სასჯელი შეუმცირდა. თებერვალში გამოვიდა. თანავუგრძნობ ოჯახს და ბოდიში მინდა ვუთხრა, დიდ გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი, ვინ ჩაიდინა, ჩემმა შვილმა თუ სხვამ”, – აცხადებს ნუნუ გრიგალაშვილი.