„ერთადერთი კვალიფიციური კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევის სტანდარტებს იცავს და ეს არის „ედისონ რისერჩის" კვლევა, ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომელმაც „ევროპული საქართველოს" წევრს გიგა ბოკერიას უპასუხა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძესა და მის პარტიას შეკითხვით მიმართა, მხარს დაუჭერენ თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქარაძეს არჩევნების მეორე ტურში:
„მინდა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს, მთელ მის გუნდს, მის პოლიტიკურ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ყველას, ვინც იქ არის. ველოდებით კონკრეტულ პასუხს - როდესაც დათო ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს მეორე ტურში. ველოდებით კონკრეტულ მკაფიო პასუხს," - აღნიშნა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა განაცხადა, რომ აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დასამარცხებლად და „განსხვავებების ძებნის დრო" არ არის.
„ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, რომ დავეყრდნოთ და სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს. ამის შემდეგ მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას იმიტომ, რომ ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფის და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის,"- დასძინა ბოკუჩავამ.
ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის განსხვავება ახლა იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე იყო და ეს განსხვავება უფრო მეტადაც კი გაღრმავდა.
„მთელი ამ საარჩევნო კამპანიაში განსხვავებები „ევროპულ საქართველოსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე კიდევ უფრო გაღრმავდა ვიდრე აქამდე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შორის პოლიტიკური განსხვავება დღეს არის ძალიან დიდი. ჩვენ ძალიან ცოტა დაგვრჩა საერთო შიდა პოლიტიკურ საკითხებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ „ევროპის სახალხო პარტიის" ქოლგის ქვეშ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.