"ივანიშვილს ვერ მოუნელებია რუსთავი 2-თან წაგება. ილუზიებში ცხოვრობს და ვერ აცნობიერებს რეალობას" - თორნიკე შარაშენიძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში დაბრუნებული თავმჯდომარისა და ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ სამი ტელევიზიის სამ ჟურნალისტთან - მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ექსპერტები ეხმაურებიან.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილი რეალობას ბოლომდე ვერ აცნობიერებს და ილუზიებში ცხოვრობს:

„ინტერვიუ რომ მოინდომა, როგორც ჩანს თვითონვე მიხვდა, რომ რაღაც არ არის კარგად, თუმცა, ბოლომდე მემგონი ვერ აცნობიერებს რეალობას, აშკარად გამოჩნდა მისი ლაპარაკიდან, მგონი ილუზიებში ცხოვრობს. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ მას არ ჰყავს გარემოცვაში არავინ, ვინც სიმართლეს ეუბნება, კრიტიკას უბედავს და სიტყვას უბრუნებს. მან მოიშორა თავიდან ყველა პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკოსი და გარშემო ჰყავს ის ხალხი, ვინც ძირითადად დაკავებულია მისი ფულის ჭამით. ოღონდ ფული ჭამონ და მზად არიან, მას ყველაფერზე თავი დაუქნიონ. ეს არის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნავს შარაშენიძე.

მისივე განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე გაკეთებული განცხადებებით გამოჩნდა, რომ ივანიშვილს იმ პრობელემების აღიარება არ უნდა, რაც ქვეყანაში არსებობს:

„რუსთავი 2 გასაგებია, რომ ვერ მოინელა, ვერ მოინელა იმიტომ, რომ მან ეს ბრძოლა წააგო სტრასბურგის გამო და როგორც ჩანს, ეს ვერ გაიგო რატომ და როგორ მოხდა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მას ჯერჯერობით ვერ მოუნელებია ეს წაგება. ძალიან რომ გააზვიადო, რაღაც პრობლემა უნდა არსებობდეს, პრობლემები არსებობს, ფაქტია და ამ პრობლემების აღიარება არ უნდა სწორედ ბიძინას“, - აცხადებს შარაშენიძე.