"თქვენ კი არ დასცინით, შეურაცხოფას აყენებთ ჩვენს საზოგადოებას, ამომრჩეველი საკადრის პასუხს გაგცემთ ამაზე" - ვაშაძე ივანიშვილის ინტერვიუსბ ეხმაურება

გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ივანიშვილის ინტერვიუ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო:

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლილ, სადაც ქურდული ოცნების მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების და პრობლემების მიმართ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ისე გამოვიდა, რომ სჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინა, აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ ამ ინტერვიუდან გაიგო შემდეგი, პირველი, რომ ბატონი ივანიშვილი სრულიად უჭერს მხარს თავის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ომი 2008 წელს რუსეთთან საქართველომ დაიწყო და მან დაბომბა თავისი მძინარე მოსახლეობა. მეორე, აღმოჩნდა, რომ მას გაცილებით უფრო მჭიდრო და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან ვიდრე ჩვენ გვეგონა, ინტერვიუს დიდი ნაწილი მან მიუძღვნა ფარცხალაძის დაცვას და შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერში არაა დამანშავე და ფარცხალაძე ქართული ოცნების უფრთო ანგელოზია, თუმცა გამოჩნდა რომ მან ძალიან კარგად იცოდა ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის საკითხი. მესამე, ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მარიხუანა არა მარტო მისი ინციატივა, არამედ მისი ბიზნეს ინტერესია და მას ძალიან მოსწონს 500%-იანი მოგების მიღების პერსპექტივა, შემიძლია დავამშვიდო, მას ეს არ მოუწევს, საქართველოში არავინ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევას და ხელისუფლების ნარკობარიგად გადაქცევას, მან ასევე შეგვატყობინა, რომ დათუნა სარალიძის საქმეზე გამოძიება შესანიშნავად მიდის და ყველა უნდა დაველოდოთ, როგროც დღემდე ველოდებით ფარხცხალაძის მიერ თოდრიას ცემის, ან რაფალიანცის საქმის გამოძიებას. აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო და არა მარტო ჩემთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, როგორ იცავდა ის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა უტიფარი და თავხედი დაპირებების გამო, რომლითაც მან საზოგადოებას და ჩვენ შვილებს დააკარგვინა 6 წელი, დაგვასვა თავზე კრიმინალური ბანდები, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა. ეს პიროვნება ბედავდა და გვეუბნებოდა, რომ თუ გათიშავთ რუსთავი2-ს აღმოაჩენთ, რომ ცხოვრობთ შესანიშნავ ქვეყანაში, ქურდული ოცნების მამამთავარს მინდა ვუთხრა, რომ გურია, სამეგრელო, ქუთაისი, კახეთი, გორი საკადრის პასუხს გაგცემთ ამაზე, იმიტომ რომ თქვენ კი არ დასცინით, შეურაცხოფას აყენებთ ჩვენს საზოგადოებას. 28 ოქტომბერს, მართლა არაა საპრეზიდენტო არჩევნები, ესაა ღირსების არჩევნები.“- განაცხადა ვაშაძემ.