პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს კანაფის წარმოებას კოსმეტიკური და სამედიცინო მიზნებისთვის, რადგან ამ წარმოებას 2 მილიარდამდე დოლარის მოგების მოტანა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, თუმცა ის გაგრძელდება და თუ აღმოჩნდა, რომ ის საშიში იქნება საზოგადოებისთვის, ისინი გაითვალისწინებენ უმრავლესობის ინტერესებს და არ წავლენ ხალხის წინააღმდეგ.
"შფოთვა, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ ადეკვატური იყო მასზე ჩვენი გუნდის რეაქცია, კანონპროექტი არის შეჩერებული და გარძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი რა თქმა უნდა არ წავა საზოგადოების წინააღმდეგ.
მარიხუანას სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით წარმოებას მხარს ვუჭერდი და მასში ერთადერთი ხიბლია ის, რომ ამით ჩვენ შეიძლება 1-დან 2 მილიარდ დოლარამდე ექსპორტი მოვახერხოთ. წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია საზოგადოება და მისი რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენ ეკლესიას და დიდ პატივს ვცემთ პატრიარქს" – განაცხადა ივანიშვილმა.