„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

"რაზეა საუბარი? რა შეიარაღებულ ფორმირებებზე საუბრობს სუბელიანი და როგორ შეიძლება ამაზე ასეთი „კრიახის“ ატეხვა, როგორიც ატეხა „რუსთავი2“-მა? 50 კაციანი შეიარაღებული ფორმირება ნემსი ხომ არ არის სადმე დაიმალოს? ვინმეს უნახავს საქართველოში შეიარაღებული ფორმირება ბოლო 6 წლის განმავლობაში, რომელსაც ფორმალური ხასიათი არ აქვს? უნახავს რომ ვიღაც ლიდერები არიან, რომელსაც შეარაღებული ადამიანები ყავთ და რომლებიც ვინმეს, ან ბიზნესს ან კონკრეტულ პერსონებს, ან პოლიტიკურ ლიდერებს ან ვინმეს ატერორებს? ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ამბავია!“ - ასე ეხმაურება დეპუტატი ზვიად ძიძიგური მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერს.

დეპუტატი ამბობს, რომ 28 ოქტომბრამდე „რუსთავი2“ ეცდება ასეთი ტიპის რეჟიმი შეინარჩუნოს არჩევნების ბოლომდე და ეს არის მათი მცდელობა გამოიწვიონ ქვეყანაში რაღაც დესტაბილიზაცია, მოსახლეობაში გააჩინონ აზრი, რომ ქვეყანაში თითქოს რაღაც რიგზე არ არის.

„მე საარჩევნო შეხვედრების ფორმატში მიწევს მოსახლეობასთან ძალიან ხშირი შეხვედრა. არავითარი გავლენა მოსახლეობაზე ამ სპექტაკლებს, რომლებსაც „რუსთავი 2“ დგამს, არა აქვს. თვითონ თავისთვის ერთობიან. თითოდან გამოწოვილ ამბებს იგონებენ და ერთმანეთს აჯერებენ რომ ქვეყანაში არის რაღაცა დიდი დაძაბულობა.

ხელისუფლებამ ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს, როგორც კანონშია გაწერილი, პროკურატურამ თავისი სათქმელი უნდა თქვას, პარლამენტმა და მთავრობამ - თავისი“, ამბობს ძიძიგური.

ძიძიგური თვლის, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან  პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, ძალიან ნორმალურ რეჟიმში.

„ეს არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, თუ არ ჩავთვლით იმ შავი პიარის უპრეცენდენტო მასშტაბებს, რასაც მან მიაღწია „რუსთავი2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით. ყველაფერი არის რიგზე! 28 ოქტომბერს ხალხი გასცემს პასუხს იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით მუდმივად ცდილობს ხალხის დაშანტაჟებას და ფსიქოლოგიურ ტერორში ყოფნას“.