ცნობილია, რა იდეით მივიდა ოქუაშვილი ივანიშვილთან და რატომ ჩაიშალა პროექტი

ცნობილია, რა იდეით მივიდა ოქუაშვილი ივანიშვილთან და რატომ ჩაიშალა პროექტი

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ორგანიზებაც ლევან ყიფიანმა შეძლო. შეხვედრაზე ოქუაშვილმა ივანიშვილს კონკრეტული გეგმა და ახალი ბიზნესიდეა გააცნო. იდეის არსი დიდ ფართობზე თამბაქოს პლანტაციების გაშენებას გულისხმობდა, რომლისგანაც შემდეგ ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული, მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები უნდა დამზადებულიყო და ექსპორტზე გასულიყო.

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული თამბაქოს წარმოების განვითარებისთვის 20 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავდა.

"დაახლოებით 2016 წლის  ზაფხულში დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა და მითხრა შევხვედროდი ლევან ყიფიანს, მას საინტერესო პროექტი აქვსო, თამბაქოს წარმოებას შეეხებაო, თამბაქოს ისტორიული წარმოება აღდგებაო. იმ კვირაშივე შევხვდი ლევანს. მან მომიყვა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო აჭარასა და ლაგოდეხში. მიწებიც ჰქონდათ ნანახი. გაკეთდებოდა  სიგარები, გავიდოდა ექსპორტზე", - ამბობს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.

"იმედის კვირის" ცნობით, მართალია პროექტს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, მაგრამ მისი რეალური მესაკუთრე სამი პარტნიორი ხდებოდა: ოქუაშვილი, ჩხარტიშვილი და ყიფიანი. სწორედ ყიფიანს ჰქონდა ბიზნესში ყველაზე მეტი წილი - 60%, მის დასადებ თანხასაც ივანიშვილი იხდიდა. თანხის დაბრუნებას კი ყიფიანი ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე წელში, პროექტის მოგებიდან აპირებდა.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მისი იდეა იყო, რომ ვანო ჩხარტიშვილს და ზაზა ოქუაშვილს 30-30% აეღოთ და 6-6 მილიონი დოლარი ჩაედოთ თამბაქოს ბიზნესში, თუმცა მათ ეს არ ისურვეს.

ვანო ჩხარტიშვილის თქმით, საბოლოოდ წილები ასე გადანაწილდა: 20% "თბილისის თამბაქო", 20% ზაზა ოქუაშვილი, 60% საპარტნიორო ფონდი. თუმცა, როცა გადაწყვეტილების დრო მოვიდა, ოქუაშვილმა გადაწყვეტილება ისევ შეცვალა.

"კი  მე ვიხდიდი, თავიდან ზაზაც იხდიდა. გონებრივადაც მგონი ცოტა შეზღუდულია... მოვიდოდა ერთ დღეს იტყოდა კიო, მერე შეიცვლიდა აზრს. შემდეგ შემოიტანა ახალი ვარიანტი, რომ ფულის მაგივრად ქარხნის საგარანტიო წერილებს შემოვიტანო. ასეთმა არასტაბილურმა, არაპროგნოზირებადმა ურთიერთობამ ჩაშალა პროექტი", - ამბობს ვანო ჩხარტიშვილი.

დღეს ვანო ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ ოქუაშვილმა ქართული თამბაქოს წარმოების პროექტი შეგნებულად ჩაშალა და ამით  ფინანსური სარგებელიც ნახა. კერძოდ, პროექტი თამბაქოს იმპორტიორ კომპანიას მიყიდა და ეს კომპანია, ჩხარტიშვილის ინფორმაციით "ფილიპ მორისია".