ორიენტაცია და ზურნა

ორიენტაცია და ზურნა


სასარგებლოა თუ არა თბილისისათვის ზურნა?

„10-11 მარტის თბილისის სათათბიროს (საკრებულოს) სხდომა მიეძღვნა, როგორც ჩანს, ქალაქისათვის მეტად საჭირბოროტო პრობლემას - ზოგიერთებისაგან გამოითქვა აზრი, რომ "თბილისის სახალხო ჯანმრთელობას ვნება შეუძლია მოუტანოს ზურნის უქონლობამ“. მაგრამ ხმა არავის ამოუღია თბილისში გაბატონებულ სიმყრალეზე ან ცუდ ქვაფენილზე, რასაც ჭეშმარიტად ვნება მოაქვს ჩვენი ჰიგიენისათვის. ზოგიერთნი კიდევ უფრო შორს მიდიან, ამტკიცებენ რა, რომ ზურნა, ისევე, როგორც იტალიური ოპერა, სახალხო განათლების ერთ-ერთი ელემენტია. სხვების აზრით კი თბილისის მცხოვრებს არა აქვს მხიარულების შესაძლებლობა, რისთვისაც მას გასაქანი სჭირდება“.

ეს სტრიქონები მკითხველს თანამედროვე თბილისის საკრებულოს სხდომიდან ეგონება, მაგრამ ასე არ გახლავთ. ეს სხდომა მართლაც თბილისის სათათბიროში გაიმართა, ოღონდ 1880 წლის 10-11 მარტს. ისე, გული ნუ დაგწყდებათ, თუ ვერ გამოიცანით, რადგან თანამედროვე თბილისის საკრებულოს სხდომები თავისი დონით დიდად არ აღემატება მაშინდელს, აბსურდული გადაწყვეტილებების (დენი+ნაგავი) რაოდენობით კი - ბევრად სჯობს ძველი თბილისის სათათბიროს, სადაც უმრავლესობას სომხები და რუსები შეადგენდნენ.

ქართული პოლიტიკური პლურალიზმი

მოგეხსენებათ, თუ რა მცირეა პატარა ქვეყნის ადგილი და წონა საერთაშორისო ურთიერთობებში - მისი ადგილი, როგორც წესი, კუთხეშია. ერი, რომლის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არავის სჭირდება, ფაქტობრივად განწირულია მორჩილებისათვის. პატარა ქვეყნებს არჩევანის დიდი თავისუფლება არ გააჩნიათ, ხოლო თუ რამეს ავირჩევთ, ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ და ისე გადავწყვიტოთ სამომავლო საქმე. ამიტომ, საჭიროა ჭეშმარიტი პოლიტიკური პლურალიზმი, მრავალფეროვნება, გონივრული კონსენსუსი პარტიებს შორის ჩვენი ერისათვის უმთავრეს საკითხებზე - იქნება ეს სახელმწიფოს შენება, ორიენტაციის პრობლმები, დიდ ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობები და ა.შ

საქართველოში არ უნდა იყოს მხოლოდ პროამერიკული, პროევროპული ან მხოლოდ პრორუსული ორიენტაციის პარტიები (რა თქმა უნდა, ისინი პირველ რიგში პროქართულები უნდა იყვნენ). საჭიროა ყველა ერთად და აი, რატომ: პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1914 წელს ჟენევაში შეიქმნა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" (ლიდერები: პეტრე სურგულაძე, ლეო და გიორგი კერესელიძეები, რეზო გაბაშვილი, გიორგი მაჩაბელი), რომლებიც თანამშრომლობდნენ გერმანიასთან და მისი დახმარებით ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევას. კომიტეტის წარმომადგენელი გიორგი მაჩაბელი საქართველოში ფარულად ჩამოვიდა  მაშინდელ ლიდერთან ნოე ჟორდანიასთან და ქართველ მენშევიკებთან მოსლაპარაკებლად, რომელთაც ანტანტის მხარე ეჭირათ. ჟორდანიამ გამოუცხადა, რომ ისინი მუშაობენ ანტანტის მხარეს: "დარწმუნებულები ვართ გაიმარჯვებს ანტანტა ინგლისის მეთაურობით და მაშინ აიძულებს თავის მოკავშირე რუსეთს, უფრო დემოკრატიული რეჟიმით დაამყაროს. ამით საქართველოსაც გადმოუვარდება რამე ლუკმა გამარჯვბულთა სუფრიდან. თუმცა თქვენ იმუშავეთ მაგ გზით (მიმართა მაჩაბელს- ვ.შ). ჩვენ ხელს არ შეგიშლით, პირიქით, იქნებ ზოგ რამეში დაგეხმაროთ კიდეც. საბოლოო სიტყვა მე მოვითხოვე, წერს რეზო გაბაშვილი (ამ მოგონებების ავტორი): "ბატონებო, ომს ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, ღმერთმა იცის. თუ ჩვენმა ფალავანმა (გერმანიამ - ვ.შ) მოიგო, ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებლობას და თქვენც გადაგარჩენთ სამხედრო სასჯელისაგან. თუ თქვენმა გაიმარჯვა, გამოგვაცხადეთ გინდ მოღალატეებათ, ჩამოგვკიდეთ ხეებზე სათითაოდ, საქართველო კი ორივე შემთხვევაში უნდა გადარჩეს, ვინც უნდა იყოს გამარჯვებული".

ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნების შესანიშნავი ნიმუში და ასე უნდა იმოქმედონ დღესაც ქართულმა პარტიებმა. აშშ-რუსეთის მომავალ დაპირისპირებაში ირანისა და სხვა პრობლემის გამო (ომით და უომრად) ქართველებმა მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა დავიკავოთ: იყოს პროამერიკული ორინტაციის პარტიებიც, პროევროპულიც და პრორუსულიც. ამით ნებისმიერ გამარჯვებულთან მისასვლელი პირი გვექნება და საქართველოს მომავალს სათუოდ აღარ გავხდით.