თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ხორბლის გადამზიდავების აქციის თემაზე საუბრობს.
როგორც უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი კორუფციული სქემა.
მისივე განცხადებით, ბათუმის პორტი ფორმალურად არის ყაზახების და მას ოთარ ფარცხალაძე კურირებს.
„ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გადაწყვეტილება. მეტსაც ვიტყვი, ეს ბათუმის პორტს უკავშირდება. რომელიც ფორმალურად ყაზახებისაა, მაგრამ რეალურად ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებს. შესაბამისად რკინიგზით უნდა მოხდეს ბათუმის პორტში ეს გადაზიდვები. სატვირთოს მძღოლები ბიზნეს ლოგიკით აზროვნებენ, სადაც უფრო იაფიანი მომსახურებაა იქ მიდიან, ეს იქნება ფოთის რომელიმე ტერმინალი თუ ბათუმის. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი კორუფციული სქემა. მოსახლეობამ რომ იცოდეს, ჩვენ პურს გაგვიძვირებენ, ხოლო ამით ასუფსიდირებენ ბათუმის პორტს და იქ ვიღაც ქაფს კრეფს. ამ 5 ათას ადამიანს და მათ ოჯახებს ტოვებენ შიმშილისა და კრედიტების ამარა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა რეგულაცია გადატვირთული გზების გამო მიიღო.
„განმარტებითი ბარათი, რომელიც უძღვის საფუძვლად იმ განკარგულებას, რაც ფინანსთა მინისტრმა მიიღო, რითაც აუკრძალა მანქანებით ხორბლის გადატანა, არის სასაცილო. იქ წერია, რომ ეს გზების გადატვირთულობის გამო მოხდა. სომხეთში ხორბალი გადააქვთ და გადმოაქვთ. მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ხორბალი უნდა შემოვიდეს პორტით და გადაიტანონ მატარებლით?! ამაში რა ლოგიკაა?! ჩვენ ხომ ყველა ვმგზავრობთ და დავდივართ. შეიძლება თეორიულად დაგვეშვა, რომ აგვისტოა გადატვირთული და აგვისტოში თავი შევიკავოთ, მაგრამ ეს მარტო ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ნოემბერში არანაირი პიკია და არანაირი გადატვირთულობაა, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ხორბლის გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს, ეს გადაწყვეტილება გადამზიდავებმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მანამდე კი, ლილოს ტერმინალთან მართავდნენ აქციას. დღეს ერთ-ერთმა მძღოლმა თვითდაზიანებაც მიიღო.
შეგახსენებთ, ხორბლის გადამზიდავების აქცია რამდენიმე დღეა გრძელდება. მათი პროტესტი ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის სახმელეთო გზით ტრანსპორტირება იკრძალება.