USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მხარეებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში, რომელიც საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ასევე, იმსჯელეს პროექტებზე, რომლებიც მომავალში შესაძლოა USAID-ის ყურადღების ცენტრში მოექცეს და ისინი შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აგრარულ სექტორში დასაქმებულ მოსახლეობას მომავალი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც მარკ გრინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრისა და საქართველოს დასავლური ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 16 სექტემბერს გაემგზავრა.