ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აცრის სავალდებულოობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია.
„სავალდებულო იმუნიზაციის მხარდამჭერ არგუმენტებს შორისაა ბოლო დროს საქართველოში ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების აფეთქებები, რომელთა დროულად აღმოსაფხვრელად საჭიროა დაუყოვნებელი შედეგების მქონე ინტერვენციები“, - წერია განმარტებით ბარათში.
ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა.
ზოიძემ კოლეგა დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვინც 40 წლამდეა და არ ახსოვს, აცრა აქვს თუ არა გაკეთებული, ვაქცნინა გაიკეთონ.
„ტარდება პერიოდული კამპანიები, იმუნიზაციის კვირეულები, წითელაზე სპეციალური კამპანიური აცრები არის პერიოდულად. 40 წლის ზემოთ ვინ ვართ, ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში აცრილი ვართ და 40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ. აცრა არის უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ დაცული“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მშობლებმა უნდა გადაამოწმონ ბავშვების ვაქცინაციის ისტორია. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აცრა გაკეთებული არ აქვს ვაქცინა დროულად გაუკეთონ.
„მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გავრცელება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ ადვილად მუშაობს. პირველ რიგში, ეს ისევ წითელაა“, - თქვა იმნაძემ.
სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მონაცემით საქართველო ევროპის იმ 7 ქვეყანას შორის, სადაც წელს წითელას შემთხვევები ყველაზე მეტად გაიზარდა, მესამე ადგილზეა.