მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
“ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.
"აიპიენის" ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა. თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს.
ამავე პაკეტის ფარგლებში განიხილება შეზღუდვების შემოღება მარიხუანას მოხმარების წესებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ ახლო მომავალში გავა.