ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში კაპიტოლიუმის შენობაში საპატიო ყარაულის თანხლებით გადაასვენეს. ამის შესახებ NBC News-ი წერს.
სამგლოვიარო პროცესია სენატორის დაბადების დღეზე გაიმართა. 29 აგვისტოს მაკკეინი 82 წლისა გახდებოდა.
გადასვენების ცერემონიას ჯონ მაკკეინის ოჯახის წევრები დაესწრნენ. არიზონის შტატის კაპიტოლიუმის შენობაში გამოჩნდა ჯეკ მაკკეინი, რომელმაც მამის დაკრძალვაზე დასასწრებად ავღანეთის მისია დროებით დატოვა და აშშ-ში დაბრუნდა.
ჯონ მაკკეინის ცხედარს 30 აგვისტოს მერილენდში, 31-ში კი ვაშინგტონის კაპიტოლიუმში გადაასვენებენ.
გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლისა ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა.
სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება.
დაკრძალვაზე წარმოდგენილი იქნება ქართული დელეგაცია.
ჯონ მაკკეინი რესპუბლიკელ სენატორებთან ლინდსი გრეჰემთან და დემოკრატ ემი კლობუშართან ერთად საქართველოს ბოლოს 2017 წლის იანვარში ესტუმრა და აეროპორტიდან პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატომ თავის ახალ შტაბ-ბინას შეიძლება ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს.