საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში შეკრებულ მრევლს მარიამობა მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული, გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს.
ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან პრემიერმინისტრი, საქართველოს მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეეწიოს მათ“, - აღნიშნა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.