მამუკა ბახტაძე: დიდი მადლობა გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის

მამუკა ბახტაძე: დიდი მადლობა გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის

დიდი მადლობა გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის შეფასებისას წერს. საქართველოს პრემიერი ამ ვიზიტს ისტორიულს უწოდებს.

„დღეს ისტორიული დღეა – საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი – ანგელა მერკელი სტუმრობს.

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე და მიღწევებზე, რომლებსაც ვახორციელებთ ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით. ანგელა მერკელმა გამოხატა გერმანიის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ, გერმანია ნამდვილად გამორჩეულ როლს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, როგორც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას აიყვანს განვითარების ახალ ეტაპზე, ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე.

დიდი მადლობა გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს საქართველოს პრემიერი.