საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა

საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა

საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა გერმანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ჟურნალისტმა ფედერალურ კანცლერს ჰკითხა, რომ 2017 წელს როდესაც ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა, გერმანიაში თავშესაფრის ბევრი მაძიებელი ჩავიდა და უნდა იყოს თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა.

„საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში, თავშესაფრის მართლაც ძალიან ბევრი მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან, თუმცა შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.