პრემიერი-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში სტუმრობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს გვერდით დგას. როგორც ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო-გერმანიას მჭიდრო მეგობრული და პარტიორული ურთიერთობები გააჩნია.
„მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს - 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა ეს ვიზიტი მოიცავას ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც გვექნება მრგვალი მაგიდის ფარგლებში საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღებენ ქართული კომპანიებიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. „წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად სანდო და საიმედო პარტნიორია“,- განაცხადა ბახტაძემ.