დედაქალაქის მერმა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება დაავალა.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ არსებული ხიდებით სარგებლობა მოუხერხებელია მოსახლეობისთვის, პრობლემას წარმოადგენს მათი ვიზუალური მხარეც.
„ვფიქრობ, აქ უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც მისაღები იქნება და ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი იქნება. დღეის მდგომარეობით, შშმ პირებისთვის შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, გავალებთ, რომ ძალიან მალე შემუშავდეს კონცეფცია და ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, იერსახეს ამახინჯებს სარეკლამო აბრებიც, რომლებიც გადასასვლელი ხიდის კონსტრუქციის მსგავსად, გზის მთელ სიგანეზეა დამონტაჟებული.
„მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესი არ უნდა განხორციელდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.