პრემიერი ხვალ 6 რეგიონის ახალ რწმუნებულს წარადგენს

პრემიერი ხვალ 6 რეგიონის ახალ რწმუნებულს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ ექვსი რეგიონის ახალ რწმუნებულს ოფიციალურად წარადგენს. რეგიონული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის თქმით, ის რწმუნებულების შერჩევის პროცესში მონაწილეობას იღებდა.

„გუბერნატორის მთავარი მოვალეობაა, რომ ის იყოს დამაკავშირებელი რგოლი ერთი მხრივ, ცენტრალურ ხელისუფლებასა და მეორე მხრივ, მოსახლეობას შორის, ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის, რომლებიც ხელს შეუწყობენ იმას, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა, თანბრად ტარდებოდეს მთელ ქვეყანაში,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ხვალამდე ოფიციალურად არც ერთი კანდიდატურა არ სახელდება, თუმცა ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, ვის წარდგენასაც ხვალ პრემიერმინისტრი გეგმავს.

სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება. ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება, შიდა ქართლში - ალეკო ხოჯევანიშვილი, იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს კი ბესიკ ამირხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.