აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ შამბას განცხადებები არის რუსეთის მორიგი მცდელობა, საქართველოს დაუგოს ხაფანგი, რომელზეც ქართული მხარე არ უნდა წამოეგოს. შაშკინის თქმით, მსგავს მეთოდებს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებდა, მაგრამ ახლა უფრო დიდი მოლოდინი აქვს, რადგან ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება მართავს:
„შამბას განცხადება და ეს შეთავაზება მისი მხრიდან, არის რუსეთის მხრიდან ხაფანგის შექმნის მორიგი მცდელობა, მეტი არაფერი. არავის არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ ეს განცხადება რამენაირად არის ჩვენთვის მისაღები, ან საქართველოსთვის სასარგებლო.
პირველ რიგში, ჩვენ არასოდეს არ გვიომია აფხაზებთან ან ოსებთან, ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩვენ გვქონდა ომი და ეს ომი გრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოლაპარაკება, საქართველოსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის, აფხაზეთში იქნება თუ ცხინვალში, გამოიწვევს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე შედეგებს საქართველოსთვის.
რაში გამოიხატება ეს შედეგები - თუ ჩვენ ამ ხაფანგში ჩავყოფთ ფეხს თუ თავს, პირველი მძიმე შედეგი, რომელიც იქნება, არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, პრობლემა გვაქვს აფხახებთან ან ოსებთან. ეს არის ტყუილი, ჩვენ ამ ხალხებთან არასდროს გვიომია, ჩვენ ვომობთ რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. 1994 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო და განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. 1992 წელს დაიწყო ომი აფხაზეთში, მანამდე იყო უკვე ომი ცხინვალში და 1994 წელს რუსეთმა პირველად შემოაგდო ეს იდეა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ის არაფერ შუაში იყო. ამბობდა, წადით ქართველები და ილაპარაკეთ აფხაზებთან და ოსებთან. ამ ხაფანგის შექმნა იწყება 1994 წლიდან და მუდმივად, შევარდნაძის მთავრობის პირობებში, შემდეგ როდესაც პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, იმავეს ეუბნებოდნენ მასაც. დღეს, როცა ნახეს პრორუსული მთავრობა გვყავს, იგივე ხაფანგი შემოაგდეს, მაგრამ ახლა აქვთ უფრო მეტი მოლოდინი, რომ საქართველო ამ ხაფანგში შეძვრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირდაპირი მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან. ვისაც არ ესმის საერთაშორისო სამართალი და იურიდიული ნიუანსები, მათთვის ეს შეიძლება ლამაზად ჩანდეს, მაგრამ რეალობა ასე არ არის. ნებისმიერი პირდაპირი ურთიერთობა ცხინვალისა თუ სოხუმის მარიონეტებთან, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ დავუკანონებთ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20%-ს, ჩვენი 400 ათასი დევნილის გაყრას ამ ტერიტორიებიდან და მომავალ თაობებსაც დავუკარგავთ იმედს, რომ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.