აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხერხდა აჭარის დანარჩენ საქართველოსთან რეინტეგრაცია და განვითარება და ვერ მოხერხდა აფხაზეთის, სერგეი შამბამ უპასუხა, რომ აჭარაში აფხაზეთისგან განსხვავებით ეთნიკურად ქართველი მოსახლეობაა.
„აჭარაში იგივე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობაა, ჩვენ კი თავს ვგრძნობთ თვითმყოფად, სრულად შემდგარ ნაციად.“- განაცხადა შამბამ.
შამბამ აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა და პარალელები ბათუმთან გაავლო და იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ გახდა შესაძლებელი აჭარაში ევროპული დონის კურორტის შექმნა , აფხაზეთში კი ვერა:
„ბათუმი, რა თქმა უნდა უფრო მდიდრულია, დონეც განსხვავებულია, აქ უფრო მოკრძალებულია, მაგრამ ზღვა აქაც კარგია, ბათუმზე უკეთესიც კი. აჭარაში ბევრი ინვესტიცია იყო, საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება, აშშ, ევროპა... ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული საქართველოში ინვესტირებით. მათ შორის ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები. ჩვენ კი ძირითადად მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე ვართ ორიენტირებულნი. აქ უფრო რთული სიტუაციაა. 2008 წლამდე ჩვენ ბლოკადაში ვიყავით. ეს სიძნელეები ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს. რუსეთი გვეხმარება.“- განაცხადა შამბამ.
საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ მინისტრმა აფხაზეთისთვის რუსეთის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ აღიარება ეს ყველა საკითხის გადაწყვეტაა. იმიტომ, რომ პატარა აფხაზეთისთვის დიდი რუსეთი მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, იმიტომ რომ რუსეთი გვთავაზობს არა მარტო თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. რა ჭირდება ერს? უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, ასე რომ, ამ თვალსაზრისით რუსეთი ჩვენთვის მთელი სამყაროა.“- განაცხადა შამბამ.