"ზურაბიშვილი ამბობს, ტვინი გაანძრიეთ, ხელისუფლება სუსტ კანდიდატს ეძებს და მე ვარ ასეთიო"

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების მიზანია, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტოს და ისეთი პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩიოს, რომელიც ამაში ხელს არ შეუშლის. 

„დავუფასოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს გულწრფელობა, ბოლო დღეების განმავლობაში შესაშური გულწრფელობით გაგვიმხილეს, რომ მათი მთავარი ამოცანაა, შეარჩიონ ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება სუსტი პრეზიდენტი, რომელიც ამ პოსტს არარაობად აქცევს.

ჩვენ მოვისმინეთ შესაშური გულრწფელობა მათი ფავორიტი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილისგანაც, რომელიც ამბობს, ხალხო ტვინი გაანძრიეთო, მე ვარ ასეთიო... ეს ყველას გვითხრა, დაამთავრეთ დისკუსია, ნუ სვამთ კითხვებს რა ხდებაო, ხელისუფლება ეძებს ყველაზე სუსტ კანდიდატს საკუთარ რიგებში. ლიდერები რომ ყოფილიყვნენ კანდიდატები, მაშინ პოსტის მნიშვნელობას ავწევდითო, ანუ მოვძებნოთო ვიღაც რიგითი ადამიანი ჩვენს ქვეყანაშიო და მას დავუჭერთ მხარსო. ქალბატონი სალომეც ამბობს, გაანძრიეთ ტვინი და დაინახეთ, რომ მე მზად ვარ ვიყო ამ როლშიო" - განაცხადა უსუფაშვილმა.