კორნელი კაკაჩია: აშშ-სა და თურქეთთან ურთიერთობაში საქართველომ „ოქროს შუალედი“ უნდა მოძებნოს

კორნელი კაკაჩია: აშშ-სა და თურქეთთან ურთიერთობაში საქართველომ „ოქროს შუალედი“ უნდა მოძებნოს

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა. ორი დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდიღანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონის ქმედებები მის ქვეყანას სხვა გზას არ უტოვებს იმის გარდა, რომ ახალი მეგობრები და ახალი მოკავშირეები ეძებოს. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ღიარებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ თუ ეს დაპირისპირება გაღრმავდა, საქართველო ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი თქმით, აშშ-ცა და თურქეთიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან და ქართულ დიპლომატიას განსაკუთრებული მუშაობა დასჭირდება, რათა ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შეძლოს.

„ეს ჩვენთვის ძალიან სათუთი თემაა იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ასევე ჩვენთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი.

„ქართულ დიპლომატიას და პოლიტიკოსებს მოუწევთ ოქროს შუალედის ნახვა, რომ მოახერხონ ორივე სახელმწიფოსთან ურთიერთობის შენარჩუნება, რაც არ იქნება ადვილი, თუ ეს ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, უკვე არსებობს.

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ჩართული ამ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პირდაპირ ჩვენ არ გვეხება, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ თავი შევიკავოთ ამ საკითხზე რეაგირებასა და ჩარევისგან,“ - აღნიშნა კაკაჩიამ.