დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მიროტაძის ქუჩის (კოსტავას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე), პეკინის გამზირის (მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე), კოსტავას ქუჩის (26 მაისის მოედნიდან) სააკაძის მოედანამდე, ჭაბუკიანის ქუჩის (სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირამდე) რეაბილიტაციის პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებია დაგეგმილი. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი. ასევე, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელები.
ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. სამუშაოების ფარგლებში, 1,2 კმ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, საავტომობილო და ველოსიპედების სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, განათების ევროპული ტიპის ქსელი დამონტაჟდება.
ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.