ნავაროს ”ნავარი”

ნავაროს ”ნავარი”

რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს. (ლუკა 8:17)

მინდა გკითხოთ, ძვირფასო მკითხველებო და კოლეგებო – არის რომელიმე რეპრესიული რეჟიმის მქონე ქვეყანა, სადაც დიდი დემოკრატი არ და ვერ დაბადებულა და  ვერ აღზრდილა?

არა მგონია, ვინმემ ეს გარისკოს! გაგვიგია და ვიცით აუნ სან სუ ჩი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საზარელი რეჟიმის პირობებში გაიზარდა, მაჰათმა განდი სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის პირობებში ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი. ბრწყინვალე დემოკრატები და საოცრად მებრძოლი დემოკრატები აღიზარდნენ ირანში, ეგვიპტეში, ჩინეთში… და საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც მსოფლიოს ჰყავს ნელსონ მანდელა! აქედან გამომდინარე, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ დემოკრატების რაოდენობა კი მეტია დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ გამორჩეულ და სწორუპოვარ დემოკრატთა ჩამოყალიბება (მარტინ ლუთერ კინგის ჩათვლით), სულაც არ საჭიროებს მაინცდამაინც დემოკრატიულ პირობებს. სულაც – პირიქით.

ახლა საწინააღმდეგო კითხვა დავსვათ – ქვეყნის დემოკრატიულობა, დასავლურობა, საბაზრო ეკონომიკის ერთგულება გამორიცხავს, რომ  ამ ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც დემოკრატიაც, ადამიანის უფლებებიც,  მმართველობის ტრანსპარენტულობაც და კორუფციის მიუღებლობაც სისხლში არ ჰქონდეთ გამჯდარი?

რა თქმა უნდა, შეიძლება…

ვეიმარის რესპუბლიკა არ იყო არადემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ ჰიტლერის და სხვა კაციჭამიების ჩამოყალიბებას ვერ შეუშალა ხელი. ანდრეს ბრეივიკის სამშობლო – ნორვეგია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება… ისლამისტ ტერორისტთა დიდი ნაწილი  ევროპულ საზოგადოებებში იზრდებოდა… სწორედ ევროპისა და ამერიკის დემოკრატიულ წიაღში ჩამოყალიბდნენ ყველაზე დიდი ფინანსური  აფერისტები  -  ბერნარდ მედოფი (აშშ, უოლ სტრიტი) კენეტ ლეი (აშშ, ენრონი), ნიკ ლიისონი (დიდი ბრიტანეთი, ბერინგს ბანკი), ჯერომ კერვიელი (საფრანგეთი, სოსიეტე ჟენერალ), ბერნარდ ებერსი (აშშ, უორლდკომი)… სხვათა შორის, პოლიტიკურ სკანდალში იყო გახვეული 2008 წელს საქართველოში ეუთოს საარჩევნო სადამკვირებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ელსი ჰესტინგსი, რომელიც ამერიკის ისტორიაში იმ იშვიათ ფედერალურ მოსამართლეთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს…

საითკენ მიმყავს?

იქეთკენ, რაც მომავალი არჩევნების დროს კრიტიკულ საკითხად შეიძლება იქცეს – რომ ქართული საზოგადოება ძალიან არის დამოკიდებული უცხოელთა მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე. ამიტომ სულ ვიხედებით იქეთკენ, რას იტყვის დასავლეთი? რას იტყვის ამერიკის პრეზიდენტი? რას იტყვიან დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი… საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციები… რას იტყვიან IRI  და NDI?

მაგრამ აქ ვაწყდებით სწორედ იმ პრობლემას, რასაც საზოგადოებრივ-პიროვნულ ღირებულებათა შესაძლო დისონანსს ვუწოდებდი და რაზეც 17 ივლისს ”მაესტროს” ”სუბიექტური აზრის”  ეთერში ზაზა შათირიშვილი, შალვა რამიშვილი და დიანა ტრაპაიძე საუბრობდნენ.. მართლაც, როგორც ზაზა შათირიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ ერთი მხრივ ისეთ ამერიკელ მოხელეს შორის, როგორიც ლუის ნავაროა (და უეჭველად დავამატებდი – მეტიუ ბრაიზასაც) და მეორე მხრივ – თომას ჯეფერსონსა და ჯორჯ ვაშინგტონს შორის! ის რომ ლუის ნავარო არის ამერიკის მოქალაქე, სრულიად არ ნიშნავს, რომ იგი ამით ავტომატურად  არის ამერიკული ღირებულებების განსხეულება! ბატონი ნავარო, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ არის არც  ამერიკული ღირებულების ტოლფასი და არც – NDI-ის ავტორიტეტის ექვივალენტი. ლუის ნავარო იყო დიდი ხნის განმავლობაში ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწე და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ლიდერი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეს ნიშნავს, (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში), რომ რითაც დღეს მოქმედებს და ხელმძღვანელობს ლუის ნავარო, ეს ჯოზეფ ბაიდენის ცხოვრების კრედოს და ღირებულებების ტოლფასია. გარკვეულწილად, შეიძლება დავეთანხმოთ ამ გადაცემაში ზაზა შათირიშვილის იუმორის კიდევ ერთ ბრწყინვალე ნაკვესს: რომ მოვიდა დრო, გავავლოთ ზღვარი ორ ამერიკას შორის – ნავაროს ამერიკასა (არ შემიძლია არ დავამატო – ბრაიზას ამერიკასა) და ე.წ. დამფუძნებელი მამების – ვაშინგტონ-ჯეფერსონის ამერიკას შორის…

რატომ გახდა ასე მნიშვნელოვანი დღეს NDI  და მისი ოფისის ხელმძღვანელი?

ადრეც იყო NDI-ის ოფისი და ქართველებმა არც ვიცოდით, ვინ იყო მისი უფროსი! სხვათა შორის, სააკაშვილის ერთ-ერთი ბრწყინვალე და არგუმენტირებული კრიტიკის ავტორი – ლინკოლნ მიტჩელი იყო ამ ოფისის ხელმძღვანელი რამდენიმე წლის წინ. შემიძლია ვთქვა, რომ NDI-ის ავტორიტეტი ემყარება სწორედ ისეთი პიროვნებების ღირსებებს, როგორიც არის ლინკოლნ მიტჩელი, ხოლო ლუის ნავარო იმ პიროვნებებს ეკუთვნის, რომლებიც ხარბად ისრუტავენ NDI-ის ავტორიტეტს, რათა საკუთარი უმსგავსოებები გაამართლონ. ლინკოლნ მიტჩელს არ სჭირდება თავისი პირადი ავტორიტეტის განმტკიცება მისი თბილისის NDI-ის ოფისის უფროსობით, ხოლო ლუის ნავაროს, თუ NDI-ის, ჯო ბაიდენს და მისი СV-ის სხვა პუნქტებს ჩამოვაშორებთ, მეეჭვება, რაიმე ფასეული ეთიკურ-მორალური უნარ-ჩვევები დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რაკურსი არსებობს, რაც, სამწუხაროდ, მე ასეთ შეხედულებას მიმტკიცებს და მოხარული ვიქნები და ბოდიშსაც საჯაროდ მოვიხდი, თუ ჩემი შეხედულებების გაბათილების საფუძველი მომეცემა..

პასუხი ზემოთდასმულ კითხვაზე ძალიან მარტივია – ლუის ნავარო და NDI-ის ოფისი დღეს კრიტიკული გახდა იმიტომ, რომ დღეს სწორედ ამ დონეზე შეიძლება გავიდეს ქართულ არჩევნებში ამერიკის ჩარევის დონე! და ეს ასე მოხდება თუ არა – ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული არა მარტო საქართველოს სრულიად სამარცხვინო და პლუტოკრატულ-ფასადურ პრეზიდენტზე, არამედ ჩვენზე – საქართველოს რიგით მოქალაქეებზეც. ისევ დავუბრუნდები ”სუბიექტური აზრის” ამ ძალიან შთამბეჭდავ გადაცემას, სადაც გაცხადდა, რომ ყოველ ქვეყანას ჰყავს ისეთი NDI-ის ოფისი, რომელსაც იგი იმსახურებს. ვაგლახ, რომ ასეა  .

ზვიად გამსახურდიას ძვირად დაუჯდა ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიცემული დახასიათება – ”გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდის”. მართალია, ამერიკა არ ჩარეულა გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებაში, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლური სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს მმართველისაგან ცნობილი დისიდენტისათვის მიცემულმა ამ დახასიათებამ მას სერიოზული პოლიტიკური ზიანი მიაყენა და მანევრის არეალი შეუზღუდა.

ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ცდილობდა გაყალბების ისეთი მეთოდების მოგონებას, (რაშიც მას უბადლო სამსახურს უწევდნენ დღევანდელი გაყალბების მარშლებიც – მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი), რომელიც დასავლეთისთვის მისაღები ან – თვალდასახუჭავად მისაღები მაინც – იქნებოდა! მაშინაც კი, როცა საქმე მეტნაკლებად აჟურში იყო,  საქართველოს არჩევნებში დასავლეთის ჩარევის დონე იყო საშუალო და არათვალშისაცემი.

მდგომარეობა გართულდა 2003 წელს, როცა საქართველოში მოვიდა ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი, რომელმაც ამერიკის ადმინისტრაციას გაუგზავნა აწგარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მიერ დაწერილი და არამჭერმეტყველი ვანო მერაბიშვილის მიერ უეცრად გახმოვანებული (საინტერესოა, რომელ ენაზე??  სავარაუდოდ, ”მთვრალი” ვანო ქართულად მიედ-მოედებოდა ხოლო თანმხლები ბარამიძე ”უთარგმნიდა”) ”მესიჯი”:

-  შევარდნაძე დაბერდა, მას აღარ აქვს რეფორმების თავი, იგი სრულად ჩაეფლო კორუფციაში, ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის და დიდი შანსია, ხელისუფლება.პრორუსულ ძალებს (აბაშიძეს) გადააბაროს! ჩვენ ამას ყველაფერს შევცვლით და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ერთგულები ვიქნებით.

ამის შემდეგ ქართული არჩევნებისადმი უცხოელთა ინტერესი გაიზარდა და იმის ფონზე, რომ მომზადდა ”კმარა”, და საარჩევნო ტექნოლოგიები ”სა-კმარის” დონეზე დაიხვეწა, ამავდროულად საქართველოში გამოგზავნილი იქნა ძალზე მაღალი დონის დიპლომატი – ჯეიმს ბეიკერი. ბეიკერმა, რომელიც შევარდნაძის მეგობრად ითვლებოდა, ედუარდს ჩამოუტანა მისთვის ძალიან მწარე ფორმულა, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა – ”აწი ნუღარ გააყალბებ!” მეგობარზე გულგაცივებულმა შევარდნაძემ, რომელიც ისედაც კრიზისში იყო, რადგან გაყალბების მთავარი მემურაბეები უკვე ოპონენტთა ბანაკში იყვნენ გადაბარგებულები, მესიჯი გადააგდო და ისე აუვარდა თავში, რომ ბეიკერის და ბუშის ზარებიც კი დაიკიდა.

შედეგი ”თეთრი მელასათვის” საკმაოდ სავალალო აღმოჩნდა – მას დაუპირისპირდა მისი მმართველობით გაღიზიანებული და დაღლილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კარგად გაწვრთნილი ახალგაზრდული ორგანიზაცია, საკმაო ფული, ნაციონალური მასშტაბის ტელევიზია და რაც მთავარია, სწორედ ის საერთაშორისო ჯოხიანი კონტროლიორი, რომელმაც პირველი ოთხი ფაქტორის ფონზე სასტვენის ჩაბერას არ დაახანა და შევარდნაძეს ყვითელი ბილეთი ამოუღო. ხოლო, რადგანაც ერთი ყვითელი ბილეთი თურმე უკვე იყო კიდეც მანამდე (ქუჩაში გამოსული საკმაო ოდენობით მომიტინგეები და შევარდნაძისადმი თანაგრძნობის კრიტიკულად დაბალი მასა), ეს უკვე წითელი ბილეთის ტოლფასი აღმოჩნდა. ”თეთრ მელას” საკმაო ჭკუა და ჰუმანიზმი აღმოაჩნდა იმისათვის, რომ ძალა არ ეხმარა და სახლში წასულიყო. როდესაც დრო გავა, იმ რამდენიმე ნაბიჯს შორის, რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება შევარდნაძეს ღირსებად ჩაუთვლის (ბევრ ნაკლთან და დანაშაულთან ერთად) ეს – სახლში წყნარად და უსისხლოდ წასვლა, ალბათ, ყველაზე დიდი იქნება.

ამის შემდეგ თითქოსდა მოვიდა დრო, რომ საქართველოში დემოკრატიის ყლორტებს – თავისუფალი მედია, მზარდი სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი სასამართლო,  კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, სახელისუფლებო შტოების ბალანსი, ადამიანის უფლებები და კანონის (და არა ხელისუფლების!) უზენაესობა – თითქოს თვისუფლად უნდა განვითარებულიყო, რასაც პარალელურად – თავისუფალი არჩევნების კონტროლის შიდა მექანიზმების გაძლიერება და გარე მექანიზმების აუცილებლობის მოხსნა უნდა მოჰყოლოდა…

მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უკუღმა წავიდა. 2007 წლის ბოლოს დაწყებულმა მძლავრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ხელისუფლების ცვლის რეალური შანსი გააჩინა. სააკაშვილის ხელისუფლებამ, კარგად გამოიყენა რა როგორც ქართული ოპოზიციის უმწიფარობა, ასევე – საერთაშორისო საზოგადოების სრული დილეტანტიზმი დემოკრატიისა და პლუტოკრატიის გარჩევაში, გადატრიალების მოდელირების და (”რუსი მოდის! რუსი მოდის!” პირველი სერიალის შემდეგ კიდევ უფრო ფანტასტიური სვლა განახორციელა –  პრეზიდენტი გადადგა! რამაც ”გადადგომითა გადადგომის დამთრგუნავი” ეფექტი მოიტანა – გულაჩუყებულმა ჯორჯ ბუშმა (”ერთი შვილ მაინც გავზარდე, გადადგომშემძლებელიაო!”) არჩევნების დაწყებიდან სულ რაღაც 4 საათში დაურეკა მიხეილ საკაშვილს (სააკაშვილმა მოკრძალებულად სთხოვა, შენ რომ გაიღვიძებ, შეიძლება უკვე გვიან იყოს და მოდი, სანამ დაიძინებ, მანამადე დამირეკე და რამე გამამხნევებელი მითხარიო!) და მიულოცა კიდეც! დღემდე ვერ მიმხვდარვარ – რისი მილოცვა შეიძლებოდა ამ დროს? იმის, რომ იანვრის სუსხიანი დღის მიუხედავად, ხალხი დილიდან რიგებში იდგა? თუ იმის, რომ თბილისის ”მარიოტში”  კონცენტრირებულ დამკვირვებელთა კოჰორტა ნაცმოძრაობის ლიდერებთან ერთად წერდა საკმაოდ მონოტონურ და დამაძინებელ პირველად დასკვნებს?

ფაქტი ერთია, 2008 წელს ქართულ არჩევნებში (როგორც საპრეზიდენტოში, ასევე – საპარლამენტოში) სააკაშვილის გამარჯვების ლომის წილი – საკმაოდ უხეშ გაყალბებებთან, პოლიციის და ზონდერბრიგადების მიერ განხორციელებულ ძალადობებთან, უბნებზე ხმის მიცემის მასიურ დარღვევებთან, ცესკოს თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის  უსაზღვრო და ვირტუოზულ უსინდისობასთან და საჩივრების პროცესის სრულ იგნორირებასთან ერთად, მოდიოდა დასავლეთის ლიდრების ძალიან მაღალი რანგის მხარდაჭერაზე სააკაშვილის მიმართ. ეს იყო ტიპური “Let’s help our son of a bitch!” მარში, რომელმაც საპროტესტოდ მზადმყოფ ქართულ საზოგადოებას არცთუ ისე მორიდებით უთხრა – ”კაცო, თქვენ კი არ მოგწონთ ეს დედაძაღლი (SOB), მარა ჩვენ რომ მოგვწონსო??”

შედეგი #1), საპრეზიდენტო არჩევნებიდან ლამის 4 თვის და საპარლამენტო არჩევნებიდან 2 თვის თავზე დაწერილი ეუთოს საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის საბოლოო ანგარიშები, რომელთა პირველ აბზაცებში წერია – რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ძირითადად და მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების ნორმებს, ხოლო შემდეგ რამდენიმე გვარდზე შავით თეთრზე ეწერა – ”დედას ვფიცავართ, თუ გვესმოდეს, ეს პირველი აბზაცი ვინ და რის საფუძველზე დაწერაო!”     

შედეგი #2) მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5 წლით პრეზიდენტად დარჩა და [პარლამენტში სრული საკონსტიტუციო ნავარდის და ჭრა-კერვის განუსაზღვრელი უფლება მიიღო

შედეგი #3) – მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან გამოგზავნილი სიგნალები არასწორად გაიგო, პუტინის მიერ დაგებულ ხაფანგში შლეგივით შეშლიგინდა და ცხინვალში აღლუმის ჩატარების მაგიერ, როგორც თავად თქვა, ”სულ რაღაც ორი რაიონი” დაკარგა…

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – აგვისტოს ომი და მისი კატასტროფული შედეგები, რომლის სიმძიმეს საქართველო კიდევ ძალიან დიდხანს იწვნევს, იყო თავში ძალაუფლებაავარდნილი მიხეილ სააკაშვილის და მისი ნეობოლშევიკური ვირუსით დაავადებული ნაცმოძრაობის, მათ დაპირებებზე წამოგებული ქართველი ხალხის უდარდელი ნაწილის და გაყალბებული არჩევნების ”გამპრავებელი” დასავლელი ლიდერების ”დამსახურება”! და ეს არ გადაწყვეტილა IRI-ის, NDI-ის და სხვა ასეთ, შედარებით დაბალ დონეზე… სამწუხაროდ…

ომის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა.

სააკაშვილის არსებობის ფაქტიურად ერთადერთი გამართლება დასავლეთის თვალში გახდა ის, რომ იგი ერაყსა და ავღანეთში ქართველი ვაჟკაცების სახით საზარბაზნე ხორცს უხვად (წინსწრებით!) აგზავნის, რუსეთს მხოლოდ შორიდან აგინებს და, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე, გაყალბების ისეთ მეთოდებს მიმართავს, რომელიც დასავლეთის ლიდერებს იმის კომფორტს აძლევს, რომ საქმეში აქტიურად არ ჩაერიონ და თვალდახუჭულად შორიდან თავი დააკანტურონ. ანუ პროცესი ჩამოვიდა პრეზიდენტების და საგარეო საქმეთა მინისტრების დონიდან ეუთოს, ხოლო შემდეგ უკვე – IRI და NDI-ის დონეზე.

ამას მშვენივრად აუღო ალღო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკვე 2005-06 წლიდან დაიწყო NGO  სექტორიდან და უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან ცნობილი სახეების გადმობირების კამპანია – ”ჩემი ოქრო – ჩემთან!” გაიხსენეთ, რამდენი გამოჩენილი ენჯეოშნიკი გახდა მიხეილ სააკაშვილის მინისტრი, პარლამენტარი, კარის (ს)ექსპერტი თუ სუპერ-ურნალისტი! ეს სია იმდენად გრძელია, რომ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე ცნობილ სახელს დავასახელებ: დიმიტრი შაშკინი (IRI), კახა ლომაია (ევრაზიის ფონდი, სოროსის ფონდი), დავით დარჩიაშვილი (სოროსის ფონდი), გიგა ბოკერია (თავისუფლების ინსტიტუტი), თემურ იაკობაშვილი (სოროსის ფონდი), ეკა ტყეშელაშვილი (IRIS-საქართველო), ბაჩო ახალაია (თავისუფლების ინსტიტუტი, სახალხო დამცველის ოფისი), გია ქავთარაძე (US AID), გივი თარგამაძე, (თავისუფლების ინსტიტუტი), ზურაბ ჭიაბერაშვილი (სამართლიანი არჩევნები) , გიორგი პაპუაშვილი (სოროსის ფონდი), გია ნოდია (კავკასიის ინსტიტუტი).

ამ ტვინების გადმოქაჩვას ორი მიზანი ჰქონდა – ის, რომ მთავრობაში მაქსიმალურად ყოფილიყო ის ხალხი, ვისი დანახვაც კი უცხოელებისათვის – დიპლომატებისა და პოლიტოლოგებისათვის – საკმარისი იქნებოდა პოზიტიური განწყობის შესაქმნელად და ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაეტოვებინათ სერიოზული კადრი, რომელიც მთავრობაში არ იქნებოდა და სააკაშვილის ხელიდან არ მიიღებდა წყალობას, და ამით დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა.

ამჟამადაც, გავრცელებული ინფორმაციით, NDI-ის ოფისის ორი თანამშრომელი შეიძლება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნი სიაში ვიხილოთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი მადლიერია ნაცმოძრაობა ლუსი ნავაროს ბიჭების და გოგოების.  

სააკაშვილის მდგომარეობა და მისი გამარჯვების ურყეობა სერიოზულად შეარყია 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან ძლიერი კონკურენტის – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. თუ თავდაპირველად მისი სიძლიერე მხოლოდ შთამბეჭდავ  ფინანსურ რესურსებს და მისი ფილანტროპული საქმიანობის გამო (რაც თუმცა, ძალიან ვიწრო წრისათვის იყო მეტ-ნაკლებად ცნობილი) უკავშირდებოდა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ქართული ოცნება” დიდ უპირატესობით უგებს ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რამდენიმე პარამეტრით:

ა) სამართლიანობის დაცვის ნდობით!

ბ) პარტიაში მოზიდული შთამბეჭდავი ადამიანური რესურსებით;

გ) კარგად წარმართული და მომხიბვლელი საარჩევნო კამპანიით;

დ) უსამართლოდ დაჩაგრულის მიმართ გაჩენილი ადამიანური თანაგრძნობით;

ე) საერთაშორისო ასპარეზზე გაჩენილი მზარდი ინტერესით.

ამან ისევ გააჩინა ქართულ საზოგადოებაში დაუსრულებელი ”მაოხრებელი გზირის” თავიდან მოშორების შესაძლებლობის განცდა. და ისევ, როგორც 2003 წელს, იმედი იმაზე იყო, რომ დასავლელი ლიდერები მიშას გამოუგზავნიდნენ ვინმე ბეიკერისმაგვარს (კონდოლიზა რაისი იქნებოდა შესაფერისი, თუმცა მიშამ ბოლოს რაღაც ისე შეურაცხყო კონდი, რომ ამ უკანსაკნელმა ქართულ მიწაზე ფეხის დადგამ არც იკადრა), მაგრამ როგორც ჩანს ეს არ მართლდება…

მიშასაც ჰქონდა იმედი, რომ 2008 წლის მსგავსად, თუ ობამა არა, ჰილარი მაინც გაუპრავებდა მოსალოდნელი გაყალბების მოსალოდნელად გაპროტესტებულ შედეგებს. ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ ფოტოებმა, სადაც ბოლო ვიზიტის დროს ხან აქეთ და ხან იქეთ ტირიფივით გადაღრანჯული მიშა ჰილარის ”ვაიმე-ლა-ვუკო-ლა” როჟებს უკერავს. როგორც ჩანს, არც სააკაშვილის მოლოდინი გამართლდება და როგორც ობამა, ასევე ჰილარი კლინტონი მოერიდებიან უპატიოსნო სააკაშვილის გაპატიოსნებას…

სიტყვა ნათქვამია – ობამას მიერაც! კლინტონის მიერაც და კლინტონის მოადგილე ბარნსის მიერაც. ასევე დადასტურებულია რასმუსენის, ბაროზოს, რომპეის და სხვათა მიერ – 2012 წლის არჩევნების დემოკრატიული არჩევნები საქართველოს ხელისუფლებისათვის დემოკრატიულობის ტესტი იქნება.

მიშამ ხელისუფლება უნდა გადასცეს ფორმალურად (ანუ კანონიერად! ინგლისურში ”ფორმალური” არ ნიშანავს ”სიაფანდურს”!) და ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების შედეგად და არა – ელცინის მიერ პუტინის გაპრემიერების მემკვიდრული ვარიანტით.

და სწორედ აქ გამოდის სცენაზე მეორე ამერიკის წარმოამდგენელი ლუის ა. ნავარრო!.. რომელსაც მიხეილ სააკაშვილის და მისი ყალბისქმნელბის სცენარში სგანარელის როლი აქვს მინიჭებული. ის ძალად ექიმი უნდა იყოს და საზოგადოებას დააჯეროს ის, რასაც არცერთი ჭკუათმყოფელი უბირიც კი არ დაიჯერებს, არამცთუ ჭკუათმყოფელი განათლებული…

არა, მარტო ნავაროს იმედზე არ იქნება მიშა და მისი გვარდია.

-  იქნება მოწვეული ”კარგ” (პრომიშისტურ) უცხოელ დამკვირვებელთა კორპუსი – სავარაუდოდ, ევროპის სახალხო პარტიის კარგად დაკერილი ბირთვი, რომელსაც ერთი შარაფ-სემინარი ბათუმში უკვე ჩაუტარეს და უმაღლეს ქართულ ჯილდოებს, და ბათუმის ”მაგნოლიაში” რენე ჰარლინის სამეზობლო ბინებსაც, ალბათ, უკვე დაჰპირდნენ. ამის პარალელურად ხელისუფლება მობილიზებულია, არ დაუშვას ”ცუდი” (ობიექტური) დამკვირვებლების მონაწილეობა და საერთოდ ისე, მოახერხოს, რომ 3000-ზე მეტი უბნიდან დამკვირვებლები მხოლოდ იმ რამდენიმე ათეულ უბანზე (სკოლებში) მიავლინოს, სადაც სკოლის დირექტორი შაშკინის მიერ სისხლდალეულ-გავამპირებულია და პერიმეტრი – მანდატურების და ზონდერების მიერ გაკონტროლებული.

- რა თქმა უნდა დროულად – არჩევნებამდე 20 საათით ადრე გამოირთვება ყველა ის სატელევიზიო არხი, სადაც სიმართლე შეიძლება გავრცელდეს. არაა გამორიცხული დაიკეტოს პრესის გავრცელების ჯიხურები და მოსალოდნელია ”მოულოდნელად” გამოირთოს ინტერნეტი.

- მობილზებულ იქნებიან ასობით ურნალისტი და ზონდერ-ჭურნალისტი, რომელთაც ნაციონალებისაგან არაკონტროლირებადი მედიის წარმომადგენლებზე გადამწყვეტი ფსიქოლოგიური შტურმის მიტანა ექნებათ დავალებული – შეიძლება – სულაც გიენების კოსტუმებში და ვუვუზელებით შეიარაღებულები ვიხილოთ.

-  უბნების ახლოს იმუშავებენ სწორედ ის სოცაგენტ-კოორდინატორ-სიდედრიონი, რომელიც შალვა რამიშვილისგან ყოფილი ასეთი კოორდინატორის რუსიკო წიკლაურის ინტერვიუში ვიხილეთ!

- მოხდება ახალი აი-დი ბართებით მასიური გაყალბების დისტანციურ-ვირტუალური მოდელის პირველად გამოყენება

- გამოყენებული იქნება სხვა ცნობილი მეთოდებიც მიშას და ხათუნას არსენალიდან – კარუსელები, პატიმართა ოჯახების მიერ ნათხოვნი მეზობლები, შემოხაზული ხუთიანისათვის ფოტოს გადაღების მეთოდი, ბიულეტენებზე ბეჭდის არასწორი დასმა, საჩივრების არ მიღება და ა.შ. ა.შ.

მაგრამ ეს ყველაფერი – ამჯერად, როცა ქართული ოცნების მხარეს მილიონამდე ერთგული და მობილიზებული ამომრჩეველი იქნება, ძალიან ძნელი განსახორციელებელი იქნება და ამიტომ სწორედ თავისუფლების და დემოკრატიის პრინცს – ლოპე დე აგირეს – ლუის ა. ნავაროს მიენიჭება გადამწყვეტი პენალტის დატყმის საპატიო მისია!

ლუის ნავარომ უკვე მოამზადა საზოგადოებრივი აზრი იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა სულ ცოტა, ორჯერ უფრო მაგარია ”ქართულ ოცნებაზე”.

მან უკვე განახორციელა ყურადღების გადატანის ოსტატური ფანდი (თუ – ფინტი!) – ივლისის გამოკითხვებში დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი 11%-ით (ანუ ლამის მეოთხედით – თებერვალთან შედარებით) შემცირდა, ხოლო ქართული ოცნების რეიტინგი – 8%-ით, ანუ თებერვალთან შედარებით ლამის ორჯერ – 80%-ით გაიზარდა! მაგრამ ეს მხოლოდ ფანდია და მეტი არაფერი.

გადამწყვეტი პენალტის აზრი სწორედ იმაშია, რომ ეს წარმეტბისაგან თავბრუდახვევა გამოიყენოს! ლუის ნავაროს ივლისის შედეგები კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე თებერვლის აბსოლუტურად კატასტროფულად დაუჯერებელი შედეგები – სწორედ იმიტომ, რომ იგი იმედს აჩენს  – იმედს იმისა, რომ ლუის ნავარო და მისი ხელქვეითი (უფრო სწორედ – სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა – ლევან თარხნიშვილი, და მისი CRRC) – წესებით ითამაშებენ!  ნურას უკაცრავად! რა დროს წესებია, როცა ბედის სასწორზე მიშას და მისი მანქურთების  მომავალი დევს!

ხომ გახსოვთ, რომ ნავაროს შედეგებში 40% რომ არ ამხელდა/არ იცოდა თავისი პოლიტიკურ სიმპათიებს! (ენა არ მიტრიალდება ამ შედეგებს NDI-ის შედეგები ვუწოდო, რეალურად ხომ ეს თარხნიშვილის და მისი მარჯვენა ხელის – კობა თურმანიძის 150 გაწვრთნილი სოცექსპერტის ნამუშევარ ნაღვაწია. სწორედ იმ 150-ისა, რომლებიც, როგორც ბატონმა კობამ გვითხრა, უკვე 3-4 წელია წვრთნიან და ხვეწავენ! მკითხველისთვის ადვილი წარმოასადგენი უნდა იყოს, მიშასთვის სანუკვარი შედეგის დასადებად და შესათხზველად – 2008 წლის არჩევნების დიდი გამყალბებელი, არჩევნების გათახსირების გროსმეისტერი – ლევან თარხნიშვილი,  რაში მოამზადებდა და დახვეწდა ამ 150 სოცექსპერტს!)

აბა, ისიც გაიხსენეთ, რა შედეგი დადო სწორედ იმავე დღეს ნაციონალთა სწორუპოვარმა სარეცხმა ფხვნილმა – Greenberg-Quinlan-Rossner-ს რომ უძახიან და შავი ლაქების ამოყვანაში Procter & Gamble-ის ნებისმიერ პროდუქტს რომ სჯობნის? 57%-იანი GQR-შემოევლოსნაციონალებს! NDI-ის 36%-სა და GQR-ის 57%-ს შორის მთელი 21%-ია! ეს კი წარმოდუგენლად დიდი განსხვავებაა, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ორი კომპანია აბსოლუტურად სხვადასხვა მეთოდიკით იკვლევს და შავზე ერთი, – ”ღია ნაცრისფერს” თუ ამბობდა, მეორეს ალალად ”არიელივით” ”ქათქათა” ემეტება!

ახლა ისიც გაიხსენეთ, რა თქვა ნაცმოძრაობის ერთერთმა უუუსინდისოესმა წარმოამდგენელმა (ეგენი მაგაში ტოლს არ უდებენ ერთმანეთს, ასე, რომ კონკრეტულად რომელმა გახსნა პირველად სამატყუარო ღრუ, მაგაზე არ დაგღლით!) – გქრ-მ იმიტომ დადო 57%, რომ მაგან ველი გახსნაო და ის ენდეაის_თვის ჯერდაფარული საუნჯე უკვე გამოაშკარავაო!

ახლა ხომ ყველაფერი გაიგეთ! როგორ შედეგს უნდა ველოდოთ საბოლოოდ?

მოკლედ NDI-ის სუ პატარა, ციცქნა ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. იმ თავისი არაუშავს 36%-დან მიშასათვის ჯანდაბას-მისაღებ 57%-მდე. მიზეზი ორი იქნება

-  ა) რეგიონებში ვანორაგადასარევიას სეფერთელიზებული ”რეჩებით” (მეორედრომჩამოვალჯანმრთელობაზეარაფერსმალაპარაკებთ) გასხივოსნებული მომავლით მოხიბლული მოსახლეობა, და

- ბ) იმ ხალხის გაცხადებული არჩევანი, რომელმაც გაბედა და გაამხილა, რომ ”მიშაც უყვარს, ვანოც უყვარს, ბაჩო – ყველას ურჩევნია!”

ახლა თქვენ იტყვით, რა ამბავია 57%იმ პარტიისათვის, რომელსაც 71%-იანი უმუშევრობა იმავე NDI-ის კვლევებში უფიქსირდება, თანაც 35 წ ახალგაზრდების ჯგუფშიო?

ეეეჰ! მაალობელი იყავით, რომ მიშა ბიჭი გათოკეს და ისე მოაწერინეს ამ 57%ზე ხელი, მაგას ხომ ბასიშვილის ზონდერების მიერ აგდებული ქვებისათვის ჰქონდა თავი შეშვერილი,. 67%-ზე ნაკლებზე დამთანხმებლის რა ვთქვიო!. ასე რომ, მადლობელი იყავით, 67% რომ არააა!

არის კიდევ ერთი ნიუანსი – იმ გაუმხელელთა პროცენტი ჯერჯერობით ხომ 40%-ია, თუ აქედან 21% ნავაროულად და ალალად ნაცმოძრაობას მიეწერება, დანარჩენ 19%-ს რა ელის? ნუთუ ”ქართულ ოცნების” დაწყნარებას და მომადლიერებას ეცდებიან?

-   ნურას უკაცრავად! – ისმის ისევ თანამედროვეობის უტეხი შუქურას მოძახილი!                     

მართლა და რა მოგივიდათ? დაგავიწყდათ მინდვრის მთიბავი თარგამაძის და ვეფხვაძის დროუალდ დაწყებული კამპანია?

დაგავიწყდათ ”ასდუკ”-ის მთავარი გამაასდუკებელი დიუკის – ჰერცოგ კაციტაძის და მისი მეწარმეექიმლიდერის ინტერესები?

ან იმ ბაჩუკის რას უშვებით, ბაში აჩუკივით რომ მოთოხარიკობს და ივანიშვილს დამარცხებას უპირებს? და მის კორუფციასთანმებრძოლ ჩახ-ჩახ ჩახვაძეს?

და ისა, ადრე რომ ევერესტზე ისე უბრალოდ ადიოდა და ახლა ყველა ბორცვზე რომ პუტინის გინებას და ვუდუს ნიშნებს ტოვებს – დიდი პატრინაქტის ჰავტორი – ბიჭი პადოშა დაგავიწყდათ? – სიკვდილსაც და ახლოდან ნატყორცნ კვერცხსაც დავიწყებოდეს! ნუ ახლა იმ ”თვითონ დავითაიაზე” აღარაფერს ვიტყვი, ეგ თვითონ მიხედავს თავს. ეგ უკვე დიდი ბიჭია,  გაიზარდა!

19% ყველას, სამწუხაროდ, ვერ დააპურებს, მაგრამ ხელისუფლებას ხომ სათქმელი ექნება – მეტი რა გვექნა, ტოო? – ხო ხედავთ, რაც შეგვეძლო, გავიხადეთ და თქვენ მოგახურეთო!!

და მაინც რა არის ის, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ ლუის ნავარო და მის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევები არაა ობიექტური და მიზნად ნაცმოძრაობის მომავალი უცილობელი გამარჯვების შესახებ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას და რეალობის გაყალბებას ემსახურება?

ლუის ნავაროს ცოცხალი თავით არ უნდოდა, რომ გახსნილიყო იმფორმაცია იმ მეთოდებზე, როგორ ადგენენ ველს და ვინ და როგორ აგროვებს ინფორმაციას, რა კითხვებს და როგორ სვამენ და ვინ გადაწყვიტა, რომ ივლისის გამოკითხვაში არცერთი კითხვა არ ყოფილიყო არც მასთ ქერიზე, არც კონტროლის პალატაზე, ხოლო 5 კითხვა – ლაზიკაზე!

ლუის ნავაროს არ უჩნდება კითხვა იმაზე, რომ თუ 40% თავის არჩევანს არ ამხელს, რამდენად თავისუფალია დანაჩენი 60%-ის პასუხები რაიმე შიშის ფაქტორისაგან

ლუის ნავარო არ გვეტყვის თუნდაც სულ მარტივ რამეს ველზე – რამდენი % იყო გამოკითხულთა შორის (და კერძოდ ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის) საჯარო სექტორში დასაქმებულები და რამდენი – უმუშევარი

ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი იმაზე, რამდენად დამოუკ,იდებელი შეიძლება იყოს კომპანია რომელიც NDI-ის მეთოდიკითკი ატარებს კვლევას, მაგრამ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და იდეური მამა 2008 წლის გაყალბებული არჩევნების მამამთავარი და მიშას მარჯვენა ხელი ლევან თარხნიშვილია.

ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი, რატომ არ შეიძლება, რომ ველის ცოტა უფრო გასათამამებლად CRRCმ-აც ის მეთოდი გამოიყენოს, რაც იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოიყენა – გარკვეუყლად ანონიმური პასუხის მოგროვება პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ – ეს ხომ დაგვანახებს პასუხს იმაზე, რამდენად რეალურია შიშის ფაქტორი.

ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება, რომ სააკაშვილის დამქაშის მიერ მონოპოლიზიებული კვლევა საერთო მეთოდიკკით რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატაროს!

სწორედ ამიტომ, მე მგონია, რომ ლუის ნავარო დღეს, სამწუხაროდ, წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს და ამდენად, არც ის იქნება გამართლებული, რომ მის მიერ მოყვანილ არასწორ ციფრებს ვენდოთ, და არც ის, რომ მისი დამხმარებით და კავკასიის კვლევის რესურს ცენტრების მიერ ჩატარებულ ოდიოზურ და ძალიან ბევრი კითხვის გამომწვევ კვლევას ან NDI-ის სტიკერი დავაკრათ, ან  ”Proudly Made in USA”, ან რამენაირად ისეთ სახელების რეპუტაცია გავავრცელოთ მასზე, როგორებიცაა სოციოლოგიის მამები ემილ დურკჰეიმი, მაქს ვებერი, ან ჰერბერტ სპენსერი. სოციოლოგიის მამები სოციოლოგიის მამებია და ლევან თარხნიშვილი და კობა თურმანიძე, მათი პროფესიონალიზმის მიუხედავად  - სულ სხვა რაღაცის მამები და მამიდები შეიძლება იყვნენ მორალურ ეთიკური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ხოლო ბატონ ლუის ნავაროს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში თომას ჯეფერსონის, ჯორჯ ვაშინგტონის, ბენჯამენ ფრანკლინის, ჯეიმს მედისონის და  ჯონ ადამსის მიერ დაარსებული დემოკრატიის ნავსაყუდელის წარმომადგენლობა ერგო, მინდა ვთხოვო, მიხეილ სააკაშვილის ნავში ჩამხტარის სახელზე ნუ გაცვლის ამ დიდებული ხალხის თანამემამულის და იდეების მატარებლის წოდებას  და რამდენიმე ციტატაც მინდა შევახსენო, როგორც დემოკრატს და როგორც მორწმუნე კათოლიკეს (კათოლიკეობა  ფეისბუქში აქვს თავად აღნიშნული და დემოკრატობაზე  NDI-ის თანამშრომელმა და დემოკრატიული პარტიის წევრმა, არა მგონია, უარი თქვას თავად):

For nothing is hidden that will not become evident, nor anything secret that will not be known and come to light.  (Luke 8:17)

The time is always right to do what is right.

In the End, we will remember not the words of our enemies, but the silence of our friends.

He who passively accepts evil is as much involved in it as he who helps to perpetrate it.

He who accepts evil without protesting against it is really cooperating with it.

The hottest place in Hell is reserved for those who remain neutral in times of great moral conflict.

No Lie Can Live Forever!

For whatever is hidden is meant to be disclosed, and whatever is concealed is meant to be brought out into the open. (Mark 4:22