მაიკ პომპეო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას უდასტურებს

მაიკ პომპეო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას უდასტურებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას უდასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

ადმინისტრაციის ცნობით, მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ კვლავაც არსებობს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას. აღინიშნა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა პრეზიდენტის პირად როლსა და უშუალო წვლილს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს ამერიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და გაიხსენა ის მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას შედგა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზე", - წერია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინმა.

აგვისტოს ომის 10 წლისთავს უკრაინისა და ჩეხეთის საგარეო უწყებებიც გამოეხმაურნენ. განცხადება ქართულ ენაზე Twitter-ზე გაავრცელა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. 

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.