სრულიად საქართველოს მუფთი, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს. ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა მრევლს თავისუფლად ლოცვის საშუალება ჰქონდეს. მისივე თქმით, საკითხზე პრემიერმინისტრთან შეხვედრაც იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც ქართველ მუსლიმთა კავშირის უფროსი, ტარიელ ნაკაიძე ხელმძღვანელობს, ახალი მეჩეთის აშენება სურს, რაზეც ბათუმის მერიამ ნებართვა არ გასცა. საკითხმა სასამართლოში გადაინაცვლა, რომელმაც მხარეებს მოლაპარაკებისთვის დრო მისცა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან ეს ტერიტორია საჯაროა და აქ მრავლადაა სხვა საეკლესიო ნაგებობები.
თემა აქტუალური აჭარის მთავარობის ახალი თავმჯდომარის განცხადების შემდეგ გახდა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მეჩეთი ბათუმში ახალი ჯამეს მშენებლობა ჯერ არ იგეგმება და თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის „ქართული ფულით“ უნდა აშენდეს.