უახლოეს დღეებში მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი ორგანოს - უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკითხზე დაიწყებს მუშაობას.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი აღმსარულებელი უწყებების წარმომადგენლების, პარლამენტის წევრების და ექსპერტების შემადგენლობით დაკომპლექტდება და შესაბამის საკანონმდებლო პროექტს მოამზადებს. განხილვის საგანია პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში ისეთი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში და კოორდინაციას გაუწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას.
ამასთან, “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ პროექტის სამუშაო ვარიანტი მომზადებულია პარლამენტშიც. განიხილება მოდელი, რომლის მიხედვით, უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: - შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი. პარლამენტის წარმომადგენლები უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არ იქნებიან, თუმცა მოწვევის შემთხვევაში, საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. საბჭოს უშუალოდ პრემიერი უხელმძღვანელებს.
2017 წლის ბოლო განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა და მის ბაზაზე ახალი სტრუქტურა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა, რომელიც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კომპონენტი შეითავსა. კანონში შეტანილი ცვლილებებით, უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებლად მთავრობა განისაზღვრა.