კომისიის საბოლოო დასკვნა შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სავარაუდო დარღვევებსაც

კომისიის საბოლოო დასკვნა შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სავარაუდო დარღვევებსაც

კომისიის საბოლოო დასკვნა შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სავარაუდო დარღვევებსაც, რომელიც შეიძლება მომხდარიყო პოლიციაში მოწმეების თუნდაც გამოკითხვის დროს, ასევე, კონკრეტული მიმართულებით სხვადასხვა სამართალდარღვევებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც კომიისის წევრებმა საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვანი გამოკითხეს. კაპანაძის ინფორმაციით, ამ გამოკითხვით კომისიამ ფაქტობრივად საქმის მთავარი ფიგურანტების გამოკითხვა დაასრულა.

"გამოსაკითხი დაგვრჩა მხოლოდ რამდენიმე მოწმე, რასაც ამ კვირაში დავასრულებთ. ახლა დარჩენილი დრო გვექნება იმისთვის, რომ გავაანალიზოთ ის ჩვენებები, რომელიც მივიღეთ, ერთმანეთს შევადაროთ და გამოვიყენოთ საბოლოო დასკვნისთვის. საბოლოო დასკვნაში ბევრ თემაზე იქნება საუბარი. წინასწარ არ გავაკეთებ შეფასებებს, თუმცა დასკვნა შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის შეეხება სავარაუდო დარღვევებსაც, რომელიც შეიძლება მომხდარიყო პოლიციაში მოწმეების თუნდაც გამოკითხვის დროს, ისევე, როგორც შეეხება კონკრეტული მიმართულებით სხვადასხვა სამართალდარღვევებს. აქედან გამომდინარე წინასწარ მე შეფასებებში არ შევალ, თუმცა ეს იქნება მიმართულებები, რომელიც განხილული იქნება კომისიის ფარგლებში", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებში ახალი დეტალების გამოკვეთას, კომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს ჩვენებები, როგორც სხვა მოწმეების ჩვენებებთან, ასევე მათ მიერვე გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან უნდა გაანალიზდეს. 

"ინფორმაცია, რომლებსაც ვიღებთ მოწმეებისგან და განსაკუთრებით მსჯავრდებულებისგან, მნიშვნელოვანია. ეს ინფორმაცია უნდა გაანალიზდეს, სხვა ჩვენებების კონტექსტში, ისევე როგორც აქამდე მიცემული ჩვენებების კონტექსტშიც, ანუ იმ ჩვენებების, რომელიც მათ სასამართლოში ან გამოძიების ეტაპზე მისცეს. როცა ამ ყველაფერს ერთმანეთს შევადარებთ და გავაანალიზებთ, მერე შეგვეძლება უკვე დასკვნების გაკეთება, თუ სად არის რეალურად ჭეშმარიტება", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.